მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების თაობაზე იმსჯელეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზედაც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის დანერგვის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საბჭოს წევრებს გააცნო ინფორმაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დანერგვის მიმდინარეობის თაობაზე და ამ პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ.

მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში თამბაქოს კანონმდებლობის ძალაში შესვლის 4 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. თამარ გაბუნიას განცხადებით, პარლამენტმა მართლაც ისტორიული ნაბიჯი გადადგა თამბაქოს კონტროლის ეფექტური კანონის მიღებით, რომლის აღსრულებაც 2018 წლის 1 მაისიდან დაიწყო.

„შედეგად, ამ ოთხი წლის განმავლობაში 4%-ით შემცირდა მწეველობა ზოგადად მოსახლეობაში, 10%-ით მწეველებს შორის. მცირდება მოხმარებული თამბაქოს პროდუქტების რაოდენობა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კმაყოფილია კანონის ამოქმედებით“, - განაცხადა მომხსენებელმა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, აქტიურად ხორციელდება კანონის აღსრულების მონიტორინგი. მან პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საყურადღებო თემად კვლავ რჩება უაქციზო სიგარეტით ვაჭრობა, თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენა, ელექტრონული სიგარეტები, რომლებიც სპეციალისტთა აზრით, შეიძლება უფრო მავნეც კი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. განსახილველ თემასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.

მონაწილეთა შეფასებით, იმისათვის, რომ თამბაქოსაგან თავისუფალი ქვეყანა გვქონდეს და ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს, სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო კამპანიას, უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს კანონის აღსრულების მონიტორინგი, აუცილებლად კანონით განსაზღვრულ ვადაში - 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა აიკრძალოს სადა შეფუთვის გარეშე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია და არ უნდა მოხდეს კანონის გადავადება, კანონის აღსრულებაზე პარლამენტის მხრიდან მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს ზედამხედველობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.