მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა მნიშვნელობა ექნება პატარა ქვეყნებისთვის ბაიდენის გამარჯვებას - სოსო ცინცაძის შეფასება

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჯო ბაიდენის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.

როგორც პოლიტოლოგი PIA.GE -სთან აცხადებს, ჯო ბაიდენს მხარი ცივილიზებულმა ამერიკამ, განათლებულმა მოსახლეობამ დაუჭირა მხარი, ტრამპს კი, ფანატიკოსებმა.

სოსო ცინცაძე აქვე ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში, წინასაარჩევნო დაპირებები იმდენ როლს არ ასრულებდა, რამდენადაც პირადული.

„50 წელია, ამერიკის არჩევნებს ვაკვირდები. ჰილარიმ წააგო იმიტომ, რომ ის ეჯავრებოდა მთელ ამერიკას. რატომ, ვერ გეტყვით. შეიძლება იმიტომ, რომ ხშირად ქმრის საქმეებში ერეოდა.

ტრამპმა ყველას თავი მოაბეზრა. მას უფრო ის კატეგორია აძლევდა ხმას, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ადამიანების უფლებებს ალმაცერად უყურებდნენ“,- აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

მისი თქმით, ბაიდენმა 74 მილიონი ხმა მიიღო - არცერთ ამერიკელ პრეზიდენტს ამდენი ხმა არ მიუღია.

„ჯერ ხმების დათვლა არ დამთავრებულა, მაგრამ ბაიდენი ვარაუდობს, რომ დაახლოებით კიდევ 100 ხმამდე ავა. ტრამპის იმედია ახლა სასამართლოები.

უზენაეს სასამართლოში რესპუბლიკელების მომხრეა, დანარჩენი დემოკრატების. მაგრამ, ტრამპი ერთ რამეში ცდება, უზენაესი სასამართლო იხილავს მხოლოდ იმ საქმეებს, რომელმაც გაიარა ქვედა ინსტანციები. ტრამპი პირდაპირ უზენაესში ვერ მიიტანს საქმეს. ქვედა ინსტანციებში გასაჩივრება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვაობა კანდიდატთა მიერ მოპოვებულ ხმებს შორის არ აღემატება 1%-ს. ამ შემთხვევაში კი სხვაობა გაცილებით დიდია“,- აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

რა მნიშვნელობა ექნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობას საქართველოსთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის? - ამასთან დაკავშირებით სოსო ცინცაძე ამბობს:

„საქართველოსთვის მე მგონი კარგი იქნება.

თუ სენატი ვერ დაიბრუნეს დემოკრატებმა და წარმომადგენელთა პალატა ასე გახლეჩილი დარჩა, მაშინ გამოვა, რომ ბაიდენს საშინაო პოლიტიკაში ხელ-ფეხი შეკრული ექნება. ის თავის დანაპირებს ვერ შეასრულებს - გადასახადებს ვერ გაზრდის, რასაც ის პირდებოდა. საოცარია, გადასახადების გაზრდა - დაპირებაა. ჩვენთან ეს ვინმეს რომ დაპირდე, ქვებს დაგიშენენ.

ჯანდაცვის სისტემის რეფორმები - რაც ტრამპმა დაანგრია, ბაიდენი აღადგენს. პარიზის შეთანხმება კლიმატის თაობაზე - ტრამპმა გამოიყვანა ამერიკა იქიდან, ბაიდენი დააბრუნებს.

ამერიკის კონსტიტუცია პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში აძლევს განუსაზღვრელ უფლებებს.

ევროპა შვებით ამოისუნთქებს - ტრამპის გამუდმებული მუქარა, რომ ნატო-დან ჯარებს გაიყვანს. ევროპას ცუდი თვალით უყურებდა. კონფლიქტიც იყო, განსაკუთრებით მერკელსა და მას შორის, ეს ასე აღარ იქნება.

ჩვენი დონის ქვეყნებისადმი, რომლებსაც არ გააჩნიათ ამერიკასთან იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულება, სამხედრო დახმარებაზე, ფინანსურ დახმარებაზე, როგორც აქვს იაპონიას, სამხრეთ კორეას, მეტი ყურადღება იქნება.

არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ორ ქვეყანაშა დიდი ზეიმი ახლა - ამერიკაში ბაიდენის მომხრეები და უკრაინა მთლიანად. ბაიდენი თავის პირმშოდ განიხილავს ახალ უკრაინას. მაიდანის დროს ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო და მას ებარა უკრაინა. მას ძალიან მიაქვს გულთან ახლოს უკრაინის პრობლემები. უკრაინა საფუძვლიან დახმარებას უნდა ელოდოს.

იქნება ნატო-ს მოთხოვნებისადმი ყურადღების გაძლიერება“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

სოსო ცინცაძის თქმით, ტრამპის ერა დასრულდა.

„ტრამპი უცხო სხეული იყო იმ ამერიკისათვის, რომელსაც მიეჩვია მსოფლიო.

ბევრი რესპუბლიკელი უკვე განუდგა ტრამპს. ადმინისტრაციაშიც, ვისაც ყელში ამოუვიდა ტრამპის ექსტრავანგანტული, ლირიული გადახვევები, მისი პრეზიდენტობის დროს თავს კომფორტულად ვერ გრძნობდნენ. ის იყო პრეზიდენტი, რომელიც „ტვიტერით“ მართავდა ქვეყანას“,- განაცხადა სოსო ცინცაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

🔴 ტრამპი: არჩევნების დასრულებამდე შორია