მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რასაც 2012 წლამდე ქართველ ხალხს ჰკადრებდით, როგორ არ გრცხვენიათ საერთოდ?!“ - კალაძე ენმ-ის დეპუტატებს

კახა კალაძე - თბილისის მერი Pia.ge

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით,  „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცივილიზებული, ევროპული ტიპის კამპანია აწარმოებდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი სიძულვილის ენით გამოირჩეოდა.

როგორც მან თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ლილე ლიპარტელიანის საპასუხოდ აღნიშნა, ოპოზიცია მას კორუმპირებულს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე უწოდებს.

„რომელ პარტიას წარმოადგენთ, ქალბატონო ლილე თქვენ?! და თქვენთვის უცხოა სიძულვილის ენა?! ყველანაირი აგრესიის გარეშე, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ ძალიან უხერხულია. წარმოადგენთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მეუბნებით, რომ თქვენი პარტიისთვის სიძულვილის ენა არის უცხო. როდესაც კორუმპირებულს მტკიცებით ფორმაში ამბობთ, არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ გაგაჩნიათ.

თქვენი ტელევიზიები, ნაპროკურორალი გვარამიას ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად თესავს სიძულვილის ენას და აგრესიას, ყველაფერი - ბოროტება, ცუდი, რაც კი შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა. საკუთარ თავზე გეტყვით - საარჩევნო კამპანია ჩავატარე ცივილიზებულად, ევროპული საარჩევნო კამპანია.

ბანერები, ჩემი შვილების შეურაცხყოფა, ბანერებზე წითელი საღებავების შესხმა, მშობლების შეურაცხყოფა, ეს იყო თქვენი კამპანიის ნაწილი, რასაც თქვენი ტელევიზიებით აკეთებდით ყოველდღიურად და დღეს ქალბატონი ლილე გამოდის და გვეუბნება, რომ ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა ძალიან უცხოა და არასდროს გაგვიკეთებია, არასდროს გვიკადრიაო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე ოჯახებს აუბედურებდა.

„თქვენ დალოცვილებო, 2012 წლამდე რასაც ქართველ ხალხს ჰკადრებდით, რასაც აკეთებდით - იყავით ბოროტების სიმბოლო; აუბედურებდით, ანადგურებდით ოჯახებს; ათი ათასობით ადამიანი გყავდათ დაკავებული; ათასობით ბიზნესმენს ყოველ ღამე, ციხეებში აფორმებინებდით ბიზნესს; ოჯახებს აუბედურებდით, ახალგაზრდებს ანადგურებდით. როგორ არ გრცხვენიათ საერთოდ?!“, - მიმართა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს.

მისივე თქმით, იმას, რაც მიმდინარე წლის 5 ივლისს დედაქალაქში მოხდა, გამართლება არ აქვს, ისევე, როგორც არ აქვს გამართლება მოქალაქეების შეურაცხყოფასა და ბულინგს.

„5 ივლისს რაც მოხდა, გამართლება არ აქვს. ეს იყო ძალიან მძიმე, უმძიმესი. როგორც იმას არ აქვს გამართლება, რომ ყოველდღიურად ხდება ადამიანების ბულინგი, შეურაცხყოფა. არ ვიცი, რა დავარქვა - ზიზღის ენით საუბარი, ოჯახების შეურაცხყოფა, ოჯახებში მივარდნა, დრონებით საცხოვრებელ სახლებში შესვლა და ძალიან ბევრი რამ. მე, თქვენ შეიძლება რაღაცები გავატაროთ და თვალი დავხუჭოთ - პოლიტიკოსები ვართ, მაგრამ თქვენმა მეუღლემ, თქვენმა შვილებმა, ჩემმა მეუღლემ, ჩემმა შვილებმა, დედაჩემმა, მამაჩემმა რა დააშავა?! რა შუაში არიან?! ყველანაირი ზღვარი წაშალეთ.

ყველანაირი „წითელი ხაზი“ გადაკვეთეთ და იმიტომ არის საზოგადოების მხრიდან, რომ 2020 წელს მიიღეთ პასუხი - თქვენ ხართ უმცირესობაში. 2021 წელს მიიღეთ პასუხი და თქვენ ხართ უმცირესობაში და ყოველთვის ასე გაგრძელდება. ქართველი ხალხის მხრიდან ყოველთვის გექნებათ პასუხი - არა“, - მიმართა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც თბილისის მთავრობის წევრების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.