პოლიტიკა

საგარეო უწყება იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
1583850260
დაკოპირებულია

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო საქართველოში იმ მოქალაქეების გამომგზავრებას უზრუნველყოფს, რომლებსაც 2 კვირის განმავლობაში დასაბრუნებელი ბილეთები ჰქონდათ შეძენიილი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხებათ იტალიაში მუდმივად საცხოვრებლად მყოფ, ან ხანგრძლივი სამსახურებრივი, ან სასწავლო მიზნით მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს.

"იტალიის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ. 2020 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერების შესახებ. მთავრობისვე გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს იმ მოქალაქეების გამომგზავრებას საქართველოში, რომლებსაც უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ დასაბრუნებელი ბილეთი და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს საქართველოში დაბრუნება. კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხებათ იტალიაში მუდმივად საცხოვრებლად მყოფ, ან ხანგრძლივი სამსახურებრივი, ან სასწავლო მიზნით მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, თუ ისინი არ გეგმავდნენ საქართველოში დაბრუნებას ფრენების გაუქმებიდან მომდევნო ორი კვირის პერიოდში", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში რჩებიან, მოუწოდებს, რომ დაიცვან ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიის მთავრობის მიერ შემუშავებული პროტოკოლი.

"იყვნენ თვითიზოლაციაში, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან, როგორც იტალიის, ასევე სხვა მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა) და ასევე ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მაღალია დაინფიცირების შემთხვევები, მოვუწოდებთ, დაიცვან დადგენილი პროცედურები", - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.