
„საჰაერო სივრცის გახსნა გამოიწვევს რუსების შემოსვლას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს“, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, იური კამელჩუკმა „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, თითქმის ყველა ქვეყანაში რუსები უკრაინელების მიმართ აგრესიულად იქცევიან.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარება მძიმეა. ვიცით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა და ვიცით, რომ ეს არის, გარკვეულწილად, სახიფათო. რუსები უკრაინელების მიმართ აგრესიულად იქცევიან, რაც თავის მხრივ არის ერთ-ერთი მიზეზი, რაზედაც უკრაინის ელჩმა საქართველოში ისაუბრა. რუსებისგან ნებისმიერ რამეს უნდა ველოდოთ. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვნახეთ როგორ ექცევიან რუსები უკრაინელებს.
ყველამ კარგად ვიცით, რუსების დამოკიდებულება ქართველებისა და უკრაინელების მიმართ. საჰაერო სივრცის გახსნა რუსეთთან, გამოიწვევს მეტი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს“, - აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი.
ცნობისთვის, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.
20 იანვარს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები.
აღნიშნულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მისასალმებელია.
რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ:
⭕ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა - სერგეი გავრილოვი