მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საიდან შემოვიდა სააკაშვილი, ძალიან მალე ჩვენს მოსახლეობას დეტალურად მოვუყვებით, მაგრამ მოუყვება არა პრემიერ-მინისტრი, არამედ ჩვენი საგამოძიებო უწყებები - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„საიდან შემოვიდა სააკაშვილი, ძალიან მალე ჩვენს მოსახლეობას დეტალურად მოვუყვებით, მაგრამ მოუყვება არა პრემიერ-მინისტრი, არამედ ჩვენი საგამოძიებო უწყებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, არავითარი კითხვა მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, და ეს მოხდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

„მას შემდეგ, რაც ციხეში აღმოჩნდა ვაჟბატონი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად საშიშ ადამიანთან გვაქვს საქმე. თვითონ საშიშ კი არ არის, ავად არის ეს კაცი, ჩვეულებრივი ავადმყოფია და მას სჭირდება მკურნალობა. კატასტროფაა, რომ ეს კაცი იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში. შემთხვევითი არ არის,რომ 9 წლის განმავლობაში არყევდა ქვეყანას და ახლა ბოლო 9 წელი. 18 წელია არყევს ქვეყანას და ეს კაცი მუდმივად არის დესტაბილიზაციის წყარო. დამისახელეთ რევოლუციით მოსულ კაცს, ვის მოუტანია შენება და პროგრესი. მოიტანა ნგრევა და ომი, ტერიტორიები დაკარგა, ადამიანები ჩახოცა, ათასობით ადამიანი დასაჯა და გააუბედურა. ეშმაკი არ ასვენებს ამ ადამიანს და იქნებ ციხეში დაისვენოს.

ჩვენთვის ტვირთი და გამოწვევა სააკაშვილი იყო იუთუბ არხებზე ჩართვებიით და ტელეხიდებით. რატომ? ერთი, რომ უკრაინასთან გვიფუჭებდა ურთიერთობას და მეორე - ყველა დაიღალა. დაიღალა მთელი ქვეყნის მოსახლეობა. სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის,მ არ ითხოვს შეწყალებას. მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ფეხით და თავისი ნებით საქართველოში.

ვფიქრობ, რომ იდეალურად დაჯდა და დავსვით ყველაფერი, ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის შემდეგ როგორ უნდა განვითარდეს, ვერ წარმომიდგენია. ბოლო იმედი იყო სააკაშვილი. ბოლო რესურსი ჩადეს ამ არჩევნებისთვის. ჩამოვიდა და პირდაპირ ციხეში შევიდა, ისე, რომ ვერაფერი გააკეთა. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კომფორტულად იქნება. ჩვენ მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნით მას ციხეში და არავითარი კითხვა მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ისე არ მოვექცევით და გავექცევით ოპონენტებს, როგორც ისინი იმსახურებენ და ექცეოდნენ თავის ოპონენტებს, მაგრამ ჩვენ ვართ დემოკრატია, აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია და პირველივე საათიდან ადვოკატიც შევიდა, მნახველებიც ჰყავს და პრობლემა არ იქნება არავითარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია.