მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია თურქეთს ეწვევა

პლენარული სხდომა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით 18-19 ოქტომბერს ანკარას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ყოველწლიური სამმხრივი შეხვედრა, სადაც მხარეები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებს, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს და ამ პროცესში საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობის გზებს.

ასევე, ორმხრივი შეხვედრები გაიმართება თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან, სადაც საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ფორმატის შეხვედრა უკვე მეცხრედ ტარდება და სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ განიხილონ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები.