მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

სახელმწიფო ინსპექტორი - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა უქმდება, რის ნაცვლადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქნება. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები უმრავლესობის დეპუტატები არიან. 

შესაბამის კანონპროექტს განსახილველად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გაიტანენ. 

„ამგვარი კანონპროექტის ინიცირების საფუძველი წარმოადგენს ორი მიმართულების კონტექსტს. პირველია, რომ სწორად ჩამოყალიბდეს სახელმწიფო ინსტიტუტების სამსახურები და მეორე, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ იყოს  და გარკვეული ფუნქციების არასწორად გამოყენება არ მოხდეს“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გივი მიქანაძემ. 

აღნიშნული კანონპროექტით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ვალდებულება დაეკისრება. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას ამ დროისთვის ლონდა თოლორაია იკავებს.