მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტრასბურგში საქართველომ მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვება, აგვისტოს ომი მძიმე შედეგებით დასრულდა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, მმართველი, რომლის პირობებშიც დაიკარგება ტერიტორიები, როგორ უნდა ბედავდეს არათუ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარს, არამედ პოლიტიკაში დარჩენას - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

„ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი აღიარება და გამარჯვება, საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში და ეს მისალოცია თითოეული ქართველისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წალენჯიხაში განუცხადა, სადაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მორიგ გამარჯვებას გამოეხმაურა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აგვისტოს ომი მძიმე შედეგებით დასრულდა საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის.

„აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ და აღვნიშნოთ ის სამარცხვინო საქციელი, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობას“ და პირადად სააკაშვილს აგვისტოს ომის პროცესში. კარგად გამოჩნდა მისი ლაჩრული სახე და ზოგადად მისი მოღალატეობრივი საქმიანობა, როგორ ჩააბარა მოღალატეობრივად კოდორის ხეობა, ასზე მეტი სოფელი და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია. აი, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა. ორგანიზაცია, რომელიც დაკარგავს და მმართველი, რომლის პირობებშიც დაიკარგება ტერიტორიები, დაკანონდება ოკუპაცია, საერთოდ როგორ უნდა ბედავდეს არათუ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარს, არამედ პოლიტიკაში დარჩენას.

ამიტომ, დღეს რეალობა არის შემდეგი - ეს მთავარი მასხარა, მათი ბელადი არის ციხეში, იმიტომ, რომ მან ძალიან მძიმე დანაშაულები ჩაიდინა და ყველა დამნაშავე წარდგება მართლმსაჯულების წინაშე, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებობას იკავებდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამკვიდროთ პრაქტიკა იმისა, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ადამიანი არ დგას და ვერ იქნება კანონზე მაღლა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.