პოლიტიკა

ტიტე აროშიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს პროვოკაციებისკენ მოუწოდებს, რაც ქაოსს და არეულობას გამოიწვევს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე
1659718014
დაკოპირებულია

„ომისა და ღალატის პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა რადიკალური ოპოზიციის მიერ წარმოებული ქსენოფობიური კამპანიის ფონზე, რომელიც დღეს გაკიცხა და გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი კობახიძემ, მივიღეთ საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ განაცხადა. 

როგორც ტიტე აროშიძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს პროვოკაციებისკენ მოუწოდებს, რაც ქაოსს და არეულობას გამოიწვევს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი ავალებს ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მიმართონ პროვოკაციების წარმოებისთვის ადგილებზე, რაც გამოიხატება სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით. ეს არის სიტყვიერი შეურაცხყოფა რუსი ტურისტების მიმართ, ეს არის ბანერებზე, კედლებზე, მაისურებზე, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური წინადადებების დაწერა, რაც, რა თქმა უნდა, გააღრმავებს პროვოკაციას და გამოიწვევს ქაოსსა და არეულობას. ამის მიზანია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა - საქართველო ჩაითრიონ ომში. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ქვეყანა, თუკი მისი მოქალაქე რისკის და საფრთხის ქვეშ იმყოფება, ახდენს რეაგირებას. სწორედ ამის გამო, მოვუწოდებ ჩვენ საზოგადოებას, მოსახლეობას, მოქალაქეებს, რომ არ აჰყვნენ არანაირ პროვოკაციებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და შესაბამისად, იმოქმედონ ისე, როგორც ეს ეკადრება ქართველ ადამიანს. არ შემიძლია, არ ვთქვა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად ესაჭიროება სტაბილურობა, ყველაზე მეტად ესაჭიროება სიმშვიდე, ამიტომ უნდა დავდგეთ იქ, სადაც არის სიმართლე, ისტორია ყველას მიუჩენს თავის ადგილს,“- განაცხადა ტიტე აროშიძემ.

ცნობისთვის, 5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ  რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. კობახიძის შეფასებით, ტყუილია, რომ ეს საფრთხეა.

აგრეთვე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობის შემოსვლა ოპოზიციის მიერ მოგონილი ტყუილია.

მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უკრაინაში ომის დაწყებიდან 31 ივლისის ჩათვლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკაც გააცნო და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი 2019 წლის  მონაცემებს ჩამორჩება.

ირაკლი კობახიძის თქმით, კვლევებითაც დასტურდება, რომ საქართველოში ძირითადად ახალგაზრდები შემოდიან, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, ძირითადად, არიან IT-ის, კულტურის, მენეჯმენტის სფეროდან და დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაზრდის მიზანია საქართველო ომში ჩაერთოს.