პოლიტიკა

თუ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ვერ შესრულდება ექიმთა რეკომენდაციები - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი
1635092520
დაკოპირებულია

N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, თუ რამდენად შეიძლება N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის იმ სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, რაც ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნით არის განსაზღვრული. დასკვნაში საუბარია კონკრეტულ სამედიცინო ინტერვენციებზე და ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, სადაც აღნიშნული დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი.

N18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების) სამედიცინო საჭიროებების მიწოდებისთვის საჭირო რესურსები.

თუმცა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც სამწუხაროდ N18 დაწესებულებაში შეუძლებელია. მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დოპლეროსკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაში თუ, მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ, ვერ შესრულდება ადგილზე და საჭირო იქნება, პერიოდულად მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ ხანგრძლივად მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებისა და დამძიმების სრულფასოვანი წინასწარი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვითარების კრიტიკულად შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა პაციენტის გაყვანის პერიოდში საკმაოდ მძიმე ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს.

აღსანიშნავია, რომ N18 დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობასა და რიგი სამედიცინო სერვისების არარსებობაზე სახალხო დამცველის დეტალური მსჯელობა წარმოდგენილია პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშში.

გარდა სამედიცინო სერვისისა, სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა ის პალატა, რომელშიც, N18 დაწესებულებაში ეტაპირების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის განთავსება იგეგმება. უნდა აღინიშნოს, რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კატეგორიის პატიმრები არიან მოთავსებული, რომლებსაც გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი აქვთ სხვა პატიმრებთან (ყოფილი პოლიციელები, სამხედროები, თანამდებობის პირები). შესაბამისად, მათი ნებისმიერი სახით გადაკვეთა სხვა პატიმრებთან წარმოშობს უსაფრთხოების რისკებს, რომლებიც პენიტენციურმა დაწესებულებამ თავიდან უნდა აიცილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება პატიმრის უფლებების დარღვევა.

2021 წლის 24 ოქტომბრის მონიტორინგისას შემოწმდა ყველა ის ადგილმდებარეობა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეიძლება მოუხდეს ყოფნა/გადაადგილება (დაწესებულებაში განთავსებისას, საცხოვრებელ პალატაში ყოფნისას, ადვოკატებთან თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრისას, სეირნობის უფლებით სარგებლობისას, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობისას, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო/ჰიგიენური პროცედურებისას) და დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია გამოხატავს მზადყოფნას დაიცვას ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არსებობს რისკები.

ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს. პრობლემური იქნება მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლაც, ვინაიდან ნებისმიერ შემსვლელს, მათ შორის ადვოკატებს, მოუწევთ გაიარონ N8 დაწესებულების ეზო, სხვა პატიმართა საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს, რა დროსაც იზრდება გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებისა, თუ შეურაცხყოფის მიყენების რისკები. 2015 წელს დაფიქსირდა მსგავსი ინციდენტი N8 დაწესებულებაში.

ვინაიდან N18 დაწესებულებაში მოსახვედრად აუცილებელია N8 დაწესებულების ეზოს გავლა, ხოლო თავად N18 დაწესებულება მდებარეობს N8 დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსების გვერდით, მიგვაჩნია, რომ არსებობს ამ ორი დაწესებულების დეზორგანიზებისა და პატიმართა უსაფრთხოების რისკები. ეს საფრთხეები ხელს შეუშლის ამ დაწესებულებების პატიმართა და თანამშრომელთა სიმშვიდეს, დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებასა და წესრიგს, რაც ყველა პატიმრის მდგომარეობაზე აისახება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის“, - წერს ომბუდსმენი.

ნიკოლოზ ყიფშიძემ 23 ოქტომბრის საღამოს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

ყიფშიძის თქმით, ამაზე იმსჯელეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც, სადაც იკრიბება ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და უფლებრივ მდგომარეობას აკვირდება.

იუსტიციის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე იტყუება.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ“, - წერს რატი ბრეგაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

🔴 მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში - ექიმი

🔴 დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილ-ახალაია-ქარდავას სამეულს აქვს ჩადენილი - დავით ჩიხელიძე

🔴 სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერცერთ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 თუ ზესახელმწიფოები მოითხოვენ, სააკაშვილს გაათავისუფლებენ - ესტონელი ექსპერტი

🔴 „მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სურთ, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ - ადვოკატი

ბრიუსელი, ბელგია

ბელგიაში კოვიდშეზღუდვების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადა...

ბელგიაში, ბრიუსელში მოსახლეობის მიერ კოვიდშეზღუდვების გაპროტესტება პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების ფონზე სამოგზაურო შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ apnews იუწყება. 
1638720475
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თბილისში კოვიდპასპორტების წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება. 
1638717500
ზვავი ავსტრიაში

ავსტრიაში ზვავს სამი მოთხილამურე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

ავსტრიაში ზვავის შედეგად სამი მოთხილამურე დაიღუპა, ორი კი დაშავდა, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
„სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამას ბევრ ადამიანზე ვერ ვიტყვი...
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა. 
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის პოსპიტალში მიტროპოლიტი ნიკოლოზ...
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. 
მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა და გარდ...
მარტყოფში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ქმარმა ცოლი პურის საჭრელი დანით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა.