მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ შეთავაზებულ თანხად შესაძლებელია ბინების შესყიდვა, ეს ვალდებულება საკუთარ თავზე უნდა აიღონ“ - ლომჯარია სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Pia.ge

„ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფო მიიჩნევს, იმ შემოთავაზებულ თანხად, რასაც დევნილებს სთავაზობს, 550 დოლარად, შესაძლებელია იმ ფართის ბინების შესყიდვა, მაშინ, პირველ რიგში, მან უნდა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების პრობლემებზე საუბრისას განაცხადა. 

ომბუდსმენის თქმით, დევნილებს არაერთი პრობლემა აქვთ და მათთვის ბიუროკრატიულ პროცესებთან გამკლავება რთულია.

ნინო ლომჯარიას თქმით, გარდა ამისა, არსებობს კიდევ სხვა პრობლემები დევნილთა ჩასახლებებში და ოფიციალურად ასეთი 90-მდე ობიექტია.

ლომჯარია მიიჩნევს, რომ დევნილების პრობლემები სათანადოდ უნდა გადაჭრას სახელმწიფომ. 

„ამ ობიექტზე არსებული ინფორმაციის შესახებ ჩვენ დიდი ხანია ინფორმირებული ვართ. ჯერ კიდევ 1 წლის წინ სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია სააგენტოსადმი, რომ შეეფასებინა ამ ობიექტის მდგრადობა, იმიტომ რომ დიდი ხანია დევნილები დახმარებას ითხოვდნენ და სააგენტო პროაქტიურად არ ახდენდა მის ექსპერტიზას. 

ამის შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა, ობიექტს აქვს ნგრევადი სტატუსი. ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, არსებობს კიდევ 90-მდე ოფიციალურად შეფასებული, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილთა ობიექტები, რომლებსაც აქვთ ნგრევადი სტატუსი და სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, პრიორიტეტულად ამ ობიექტებიდან მოხდეს დევნილების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. 

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა თქმა უნდა, როდესაც ობიექტი საცხოვრებლად სახიფათოა ადამიანებისთვის, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ ადამიანების უსაფრთხო ადგილას განთავსება, მით უმეტეს, რომ აქ ცხოვრობენ ბავშვები. 

თუ სახელმწიფო მიიჩნევს, იმ შემოთავაზებულ თანხად, რასაც დევნილებს სთავაზობს, 550 დოლარად, შესაძლებელია იმ ფართის ბინების შესყიდვა, მაშინ პირველ რიგში მან უნდა განახორციელოს. იმიტომ, რომ დევნილებთან გასაუბრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ან თანხის ფარგლებში მოეძიებინათ ადეკვატური საცხოვრებლად ვარგისი ობიექტები, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მოთხოვნაა, მათ შორის სამინისტროს წაყენებული, ამ თანხის გადმორიცხვის სანაცვლოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ამ თანხის ფარგლებში იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რასაც სამინისტრო დევნილებისგან ითხოვს. 

ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ სახელმწიფო თვლის, შეთავაზებულ თანხად შესაძლებელია ბინების შესყიდვა, მაშინ, პირველ რიგში, ეს ვალდებულება სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს, თავად შეისყიდოს ბინები და გადასცეს დევნილებს, რომლებსაც უამრავი ყოფითი პრობლემა აქვთ და ძალიან უჭირთ. ბევრი მათგანი არის ხანდაზმული, სხვადასხვა პრობლემები აქვთ და ძალიან რთულია მათთვის ამ ბიუროკრატიულ პროცესებთან გამკლავება“, - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება არასწორია. 

„როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები არასწორია,  მით უმეტეს, რომ გავესაუბრე თვითმხილველებს, ვინც იცნობდა გარდაცვლილს და მათი მონათხრობიდან ნამდვილად არ უნდა დარჩენოდათ შთაბეჭდილება, რომ ეს იყო შემთხვევითობა ან უბედური შემთხვევა. ამ განცხადების გაკეთება ცალსახად მიმაჩნია არასწორად, მით უმეტეს, რომ გარემოებები ამაზე არ მიუთითებს“, - დასძინა ნინო ლომჯარიამ. 

ინფორმაციისთვის, თბილისის ზღვის მიმდებარედ, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. 

მათი განცხადებით, 30 წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

16 იანვარს, თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან დევნილი მამაკაცი გადახტა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.