პოლიტიკა

🎥 უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს - თინა ხიდაშელი (ვიდეო)

თინა ხიდაშელი
1634140467
დაკოპირებულია

„რაიმე სამართლებრივი გზა ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების არ არსებობს, მათ შორის, უკრაინის მოთხოვნის ჩათვლით, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს უკრაინას მისი ექსტრადიციის მოთხოვნის და ყველა საუბარი ამაზე, წმინდა წყლის სპეკულაციაა“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გამოსვლა სამართლებრივად ძალიან რთული დასანახავია.

ხიდაშელის თქმით, ამისათვის არსებობს ძალიან მარტივი გზა - პრეზიდენტის მიერ შეწყალება - ეს 5 წუთიანი პროცედურაა, მაგრამ ქალბატონი სალომე ამას არ გეგმავს.

„პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველა დანაშაულში, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ედავება ქართული სახელმწიფო, ჩადენილია ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ დროს, როდესაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქე იყო.

მის მიმართ არსებობს უკვე დამდგარი, ძალაში შესული განაჩენები და როგორც ბრალდებული, ისე იმყოფება საპატიმროში. საქართველოს ხელისუფლება თუ გადაწყვეტს პირველი მოთხოვნისთანავე უკრაინის მხარიდან დააკმაყოფილოს ყოფილი პრეზიდენტის გადაცემა, რა თქმა უნდა, ამისი დისკრეცია სახელმწიფოს აქვს.

წმინდა სამართლებრივად სასჯელის ნახევარი ვადის მოხდამდე არანაირი ვერსია არ არის გარდა პრეზიდენტის შეწყალებისა, მაგრამ ყველა სახელმწიფოს აქვს დისკრეცია, რომ პოლიტიკური ნების ფარგლებში ქვეყანას გადასცენ მისი მოქალაქე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

პოლიტიკოსმა, ასევე, ისაუბრა არჩევნების თაობაზეც და აღნიშნა, რომ 43%-ის თემა თავიდან ბოლომდე გადაწყვიტა სააკაშვილის ფაქტორმა.

„მან „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებული და გულაცრუებული, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოყალიბებული ამომრჩეველი დააბრუნა საარჩევნო უბნებთან და მათი ხმები „ქართული ოცნების“ ყულაბაში წავიდა, ამას ამტკიცებს ყველა კვლევა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📣„დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში“ - მეუფე ნიკოლოზი

📣„საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის“ - თამარ გაბუნია

📣„პრაქტიკა, რომ საკუთარი მოქალაქე გამოითხოვო, მსოფლიოში არსებობს “ - ვოლსკი სააკაშვილზე

📣 „აქამდე ქართველი ხალხი ელოდა სააკაშვილს და ახლა მიშა ელოდება მათ“ - გუბაზ სანიკიძე