პოლიტიკა

„უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“ - უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო უწყება
1633175354
დაკოპირებულია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ამის შესახებ საუბარია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უწყებამ უკრაინაში საქართველოს საელჩოს დიპლომატთან შეხვედრის შემდგომ გაავრცელა.

„2 ოქტომბერს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა რწმუნებული, უფროსი მრჩეველი სანდრო თოფურია საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს.

დიპლომატმა გააცნო უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავების გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომელთა მიხედვითაც სააკაშვილი არის მსჯავრდადებული.

უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრულად პატივისცემის აუცილებლობას და მოითხოვა, რომ უკრაინის კონსულმა ის მოინახულოს საკონსულო და სამართლებრივი დახმარების გასაწევად.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია. გვიან ღამით მასთან უფლებადამცველი ნინო ლომჯარია შევიდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის პოლიტმატიმარია და შიმშილობას აცხადებს.

2 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

🔴 „იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“ - სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე

🔴 „მიხეილ სააკაშვილმა გამოაჩინა ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭირო არის ყველა პატრიოტისთვის“ - ნიკა მელია

🔴„სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი ზედმეტია“ - მამუკა მდინარაძე

🔴 „ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, წამება და გაუპატიურება არ ემუქრება“ - ვოლსკი სააკაშვილზე

🔴 „თქვენ გგონიათ, რომ მე არ ვიცოდი?!“ - კალაძე