პოლიტიკა

„ვაშინგტონში საქართველოში მიმდინარე პროცესებით იმედგაცრუება იგრძნობა“ - ლომჯარია

სახალხო დამცველი 2020
1638257477
დაკოპირებულია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ვაშინგტონში საქართველოში მიმდინარე პროცესებით იმედგაცრუება და დაღლა იგრძნობა. 

როგორც ომბუდსმენმა ვაშინგტონში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, მისი თხოვნა და სათქმელი ვაშინგტონში არის ის, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. 

„აქ იგრძნობა ცოტა გადაღლა და იმედგაცრუება საქართველოში მიმდინარე პროცესებით და იმით, რომ სამწუხაროდ ამდენი წელია საქართველოში როგორც პოლიტიკურად ასევე საზოგადოებრივად ვერ დავლაგდით. მაღალია პოლარიზაცია და ქვეყანაში მუდმივი კრიზისია. 

ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი აქ არის ის, რომ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი საქმის გაკეთება და ერთობლივად ხელი შევუწყოთ დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რაც სამწუხაროდ ჩემი მოსაზრებით ბოლო წლებში არ მიდის იმ ტემპით და შეიძლება დემოკრატიის უკუსვლაზეც ვისაუბროთ“, - განაცხადა ლომჯარიამ. 

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს, ომბუდსმენი ამბობს, რომ აშშ-ში სააკაშვილის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს.

„მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები განვიხილეთ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთი განცხადება გააკეთა და პირდაპირ მიუთითა სახალხო დამცველის განცხადებებზე და უთხრა მთავრობას, რომ ემოქმედათ სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებით. 

სწორედ ამ კონტექსტში ვისაუბრეთ. მადლობა გადავუხადე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს დღევანდელ შეხვედრაზე იმ იმ ძალიან მკაფიო და არაორაზროვანი მხარდაჭერისთვის, რაც მათ აღმოუჩინეს სახალხო დამცველის ოფისს ამ კრიტიკულ დღეებში. 

აღვნიშნე რომ არა მათი ასეთი ღია მხარდაჭერა სახალხო დამცველის პოზიციონირების ჩვენ შეიძლება დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით როგორც ქვეყანა და საზოგადოება“, - დასძინა ნინო ლომჯარიამ. 

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.