პოლიტიკა

„ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი იქნება ამ მდგომარეობაში“ - ელენე ხოშტარია სააკაშვილზე

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია
1638808319
დაკოპირებულია

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამამშვიდებელი არ არის“, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხოშტარია აცხადებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური შურისძიება შეწყდეს.

„ექიმი არ ვარ და სამედიცინო შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ის ნამდვილად არის სუსტად. მას ბევრად უფრო მძიმე პროცესი ჰქონდა ვიდრე მე, მათ შორის ის ღირსების შემლახველი ქცევა მის წინააღმდეგ. მას ძალიან დიდი ზიანი მიადგა, ეს არის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ის შინაგანად არის მხნედ, მთელი მისი ფიქრები არის როგორც წარსულზე, ასევე, მომავალზე. ვერ დავინახე ვერანაირი ბოღმა, აგრესია ვერავის მიმართ, ძალიან ნათელია, რომ ამ ადამიანს მიადგა სერიოზული ზიანი და  ვერაფრით ვიტყოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამამშვიდებელია.

პირველ რიგში მინდა მივმართო იმ ხალხს, რომელთაც აქვთ პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილის მიმართ,  არ მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც აწუხებს ძალადობა, აწუხებს ადამიანის უფლებების დარღვევა, არ მგონია, რომ რომელიმე ბედნიერი იყოს იმ მდგომარეობით, თუ რა მდგომარეობაშიც ქვეყანა და ზოგადად ერთი ადამიანი შეიძლება ხელისუფლების შურისძიებამ ჩააგდოს. ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი იქნება ამ მდგომარეობაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი