მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს“ - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის მდგომარეობაზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და განმარტავს, რომ არავის მისცემს უფლებას, სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს.

„როდესაც ვინმე ცდილობს, გაავრცელოს ტყუილი, შეიყვანოს შეცდომაში ჩვენი საზოგადოება, რომ თითქოსდა მას არ ეძლევა რაიმეს შეძენის უფლება, ის შიმშილობს, მისი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მას ყურადღებას არ აქცევენ, ბუნებრივია, ამის უფლებას ვერავის მივცემ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის კვალიფიციური სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით.

„აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კვალიფიციურ თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თითოეულ პატიმარზე და, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილზე. ის, როგორც მოშიმშილე, იმყოფება მუდმივი სამედიცინო დაკვირვების პროცესში“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი