მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვისაუბრეთ სააკაშვილის პატიმრობისა და 30 ოქტომბრის არჩევნებზე - მელია დიპლომატებთან შეხვედრაზე

ენმ-ის თავმჯდომარე

„პატიმარს უწყობს აქციას „ქართული ოცნება“, აპირებს ბიძინა ივანიშვილი იძალადოს, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილებოდა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და არჩევნების მეორე ტური იყო.

„ბუნებრივია, ეს დახურული ტიპის შეხვედრა იყო, საუბარი შედგა ყველა აქტუალურ საკითხზე, კარს მომდგარ არჩევნებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ, ბუნებრივია, და ძირითადად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

ძალიან საინტერესო საკითხებზეც იყო საუბარი, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალ განვითარების პროცესს ქვეყანაში უახლოეს მეორე ტურამდე და მას შემდეგ. ამიტომ, გვიხარია, რომ საერთაშორისო საზოგადოება არის ფხიზლად, გამადიდებელი შუშით ადევნებს თვალყურს იმ პროცესებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში, იმ ძალადობის ფაქტებს, რომელსაც ყოველდღიურად ჩადის „ქართული ოცნება“.

სასიხარულოა, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრები თავიდან ბოლომდე არიან ინფორმირებული იმაზე უკეთ, ვიდრე პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც ვართ და „ქართული ოცნება“ ამ მოცემულობას ძალიან ყურადღებით უნდა იაზრებდეს.

მთელი საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით და გამადიდებელი შუშით აკვირდება „ოცნების“ ყოველ ნაბიჯს. როგორც მოიქცევა ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისგან იქნება ადეკვატური და სრულად შესაბამისი. აპირებს ბიძინა ივანიშვილი იძალადოს? ეს მას ძალიან ძვირი ფასის გადახდათ დაუჯდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დიპლომატებთან 16 ოქტომბერს გაიმართა, საერთაშორისო პარტნიორებს პარტია „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებიც ესწრებოდნენ.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მანდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული)„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული) „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 46.65 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30.07%, „გახარია - საქართველოსთვის“ 7.79 %, „ლელო“ - 2.71 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 1.44 %, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ -0.85 %.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 სააკაშვილის ჯანმრთელობა სულ უფრო სახიფათო ხდება - ადვოკატები

🔴 „მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“ - გახარია

🔴 „გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე