მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვისურვებდი, ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ უკვე მეორე ტურამდე“ - მიხეილ სააკაშვილი

ექს-პრეზიდენტი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს და თანამებრძოლებს და საზოგადოებას აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს.

„უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველ დღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას უნდა ვუპასუხოთ აქტიურ ქმედებებზე გადასვლით. ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინების და მოსყიდვის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან, სასამართლოებთან.

მთავარია 14-ში, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიურობის გაუარესებისა, არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლის ინსტრუმენტი.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ უკვე მეორე ტურამდე, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, როგორც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებებით შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის, ჩემთან მიმართებით. 30-ში გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ 30-მდე ყოველდღიური, ყოველწუთიერი ბრძოლით და შეუპოვრობით“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 14 ოქტომბერს მასშტაბური აქცია დააანონსა.

მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-12 დღეა, შიმშილობს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი