მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვითხოვთ ძალაუფლება განაწილდეს და ერთი კაცის ხელში არ იყოს, ვითხოვთ დავუბრუნდეთ მიშელის შეთანხმებას - ნიკა სიმონიშვილი

საიას თავმჯდომარე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გეგმა შეიმუშავეს, რომელიც 12 პუნქტის შესასრულებლად არის საჭირო. 

ნიკა სიმონიშვილის თქმით, საზოგადოება ითხოვს სამართლიან საარჩევნო სისტემას, რეფორმებს იუსტიციის საბჭოში. 

ამასთან, სიმონიშვილის თქმით, მათი მოთხოვნაა ხელისუფლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს დაუბრუნდეს. 

„ამ ქვეყანაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც  12 პუნქტის შესასრულებლად არის საჭირო, რომლის აღსრულებაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წავიდეთ წინ და კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. 

ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის რა აქვს გასაკეთებელი, ჩვენ ამას წლების განმავლობაში ველაპარაკებოდით. ეს არის მინიმუმი, რაც ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ. მინიმუმი იმისთვის, რომ ჩვენ წლის ბოლოს 6 თვის განმავლობაში მუშაობის შედეგად კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. შემიძლია გითხრათ, რომ რაც ჩვენ ვთქვით და შევთავაზეთ ხელისუფლებას, რას ვითხოვთ და მოვითხოვთ, არანაირად არ არის იმ მოთხოვნებთან, რომლებიც ამ აქციაზე გაჟღერდა. 

მოკლედ შევეხები იმ გეგმას, რომელიც ხელისუფლებას შევთავაზეთ და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოო ჯამში გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი. ვითხოვთ იმას, რომ სამართლიანი სასამართლო გვქონდეს, გატარდეს იუსტიციის საბჭოში სათანადო რეფორმა, საბჭოში მოხდეს შესაბამისი წევრების დანიშვნა, ვითხოვთ იმას, რომ ამ ქვეყანაში პოლარიზაცია  და დაპირისპირება დასრულდეს, ჩვენ დავუბრუნდეთ შარლ მიშელის შეთანხმებას და ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. 

ვითხოვთ იმას, რომ ძალაუფლება განაწილდეს და ერთი კაცის ხელში არ იყოს, ვითხოვთ იმას, რომ გვქონდეს სამართლიანი საარჩევნო სისტემა და ჩვენ შეგვეძლოს სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ხმის მიცემა. საბოლოო ჯამში ჩვენი არჩევანი სამართლიანად აისახოს შედეგებზე. ვითხოვთ იმას, რომ თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ჯგუფს წარმოადგენს ის. ვითხოვთ იმას, რომ ყველა ადამიანს სამართლიანად და თანასწორად მოვეპყროთ. 

მოვითხოვთ იმას, რომ საზოგადოებას ელაპარაკებოდეს ხელისუფლება და არა ლანძღავდეს. ეს არის ის, რაც ჩვენ საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ შედგეს ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობის დასრულება და დასრულდეს ეს ყველაფერი დეოლიგარქიზაციით“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. 

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, სამოქმედო გეგმას კი საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ.