მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები აქცია-მსვლელობას მართავენ

საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ.

ადგილზე იმყოფებიან პარტიის წევრები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. „მიშა, მიშა “ - ასე სკანდირებენ აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის სახელს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თანამდებობა დატოვოს ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.

მათივე თქმით, ისინი ხმების მოპარვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უკომპრომისოდ, ბოლომდე იბრძოლებენ.

„პირველ რიგში წართმეული არჩევნების დაბრუნებას მოვითხოვთ და ასევე იმ ქალბატონის გადადგომას, რომელიც ბოლო 4 წელია არჩევნებს გვიყალბებს. ამ არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საოცარი შედეგი დადო, ფაქტობრივად მთელი საკრებულოს უმრავლესობა ხელში ჰქონდა. იმ გაყალბებით, რომელიც გუშინ მოხდა ჩვენ ეს უმრავლესობა დროებით დავკარგეთ. წინ მეორე ტურია და ჩვენ უმრავლესობაში ვიქნებით. მირანდა მესხს არ უნდა შერჩეს ის რაც ჩაიდინა“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „მთავარის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მამუკა წოწორია და ანზორ მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება საკრებულოს, უმრავლესობა პირველი ტურის შედეგებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.