
წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით განაგრძობს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები ახალციხეში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს.
აპრილში ახალციხელის, სამსონიძის, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე ქსელის რეაბილიტაცია პროექტის ფარგლებში დასრულდება. წყალარინების ცენტრალური სისტემა აღნიშნულ ქუჩებზე ამ დრომდე არ არსებობდა.
200 ოჯახი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით სარგებლობას სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებს.
ცნობისთვის, აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.