
დუშეთის მუნიციპალიტეტში აბანოსხევი-ლაფანაანთკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 1 930 000 ლარს აღემატება, 4.4 კმ-იან გზის მონაკვეთზე დაეგო ასფალტის საფარი და მოეწყო სანიაღვრე არხები.
შესრულებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მაცაცო ნარიმანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა.
ამასთან, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ.
„საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის საკითხი, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენს პრიორიტეტებს შორისაა. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით, რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ უკვე დასრულდა სოფლების - აბანოსხევი-ლაფანაანთკარის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები. მოსახლეობას აქ დიდი ხნის განმავლობაში მოუწესრიგებელ გზაზე უწევდა გადაადგილება, თუმცა განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, პრობლემა გადაიჭრა და ადგილზე ბევრად კომფორტული და უსაფრთხო გარემო შეიქმნა“, - აღნიშნა დავით ნოზაძემ.
აბანოსხევი-ლაფანაანთკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მთის განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, განხორციელდა.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.