რეგიონი

ბაკურ ავსაჯანიშვილი - ვისაც უყვარს წიგნი, მას უყვარს ადამიანი

ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი
1668430289
დაკოპირებულია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, სოფელ კარკუჩაში, განახლებული ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ნახევარ საუკუნეზე მეტია, კარკუჩას ბიბლიოთეკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სნოს ადმინისტრაციულ ერთეულში. განახლებული წიგნადი ფონდი, სხვადასხვა ჟანრის 5000-მდე წიგნს მოიცავს, რომელიც აღიწერა, მოწესრიგდა, შეივსო და ანბანური/თემატური თანმიმდევრობით დალაგდა.

განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა, საბიბლიოთეკო საქმის კოორდინატორებთან ერთად, მერს, თანამედროვე საქმის წარმოების მეთოდიკა, სისტემურად დაკომპლექტებული ფონდის მართვის საკითხები, შესრულებული სამუშაო და სამომავლო გეგმები გააცნეს.

ბიბლიოთეკის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა, სოფელ კარკუჩას კერძო მუზეუმი მოინახულეს, რომლის ექსპონატები ავთენტურ, მოხეურ ტრადიციებთან ერთად, ყოფა-ცხოვრების წეს-ჩვეულებებს ინახავს.

მუდმივმა მკითხველებმა ცოცხალი მუსიკის თანხლებით მცირე პოეზიის საღამოც გამართეს.

„წიგნი ადამიანებამდე მიღწევის საუკეთესო საშუალებაა. ვისაც უყვარს წიგნი, მას უყვარს ადამიანი. ვაფასებ მრავალწლიან ღვაწლსა და ფასდაუდებელ შრომას, რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლებს აქვთ. მიხარია, რომ აქტიურად მიმდინარეობს წიგნადი ფონდის განახლება. მივალთ ყველა არსებულ ბიბლიოთეკაში, გავიცნობთ და წავახალისებთ მუდმივ მკითხველებს. ჩვენი

შესაძლებლობის ფარგლებში, ვეცდებით ყველაფერს, რაც ახალი ბიბლიოთეკების გახსნასა და წიგნიერი მომავალი თაობის აღზრდას წაახალისებს”, - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.