მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლნისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედმა შემადგენლობამ ბოლო სხდომა გამართა. სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი განიხილეს და დაამტკიცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 29 151 800  ლარით განისაზღვრა.  სოციალური მიმართულებით დაფინანსებამ 2022 წელს  3 800 000 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის კი 6 000 000  ლარი გამოიყო.

მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას მომავალ წელს 29 151 800  ლარი მოხმარდება. ვთვლი, რომ 2022 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა ასახული მოქალაქეების ინტერესები და საჭიროებები.  ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის  სოციალური პროგრამები პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტში 3 800 000  ლარია გათვალისწინებული.

2022 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მომავალი წლისთვის 6 000 000  ლარი გამოიყო. ვიმედოვნებ, რომ 2022 წელი  ბოლნისისთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.