
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძარი ლოკალიზებულია.
ვაკიჯვართან ხანძარის ჩაქარობის პროცესი მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, რომლებმაც ცეცხლის კერებზე წყალი უკვე 20-ჯერ დაასხეს. ადგილზე გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან 120-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება.
ცეცხლი ქარსაცავ ზოლზე იყო გავრცელებული. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.