მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოთარ შამუგია აჯამეთის აღკვეთილში სოციალური პროგრამით დასაქმებულებს შეხვდა

ოთარ შამუგია აჯამეთის აღკვეთილში სოციალური პროგრამით დასაქმებულებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას გაეცნენ.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 15 ადმინისტრაციაში 144 სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა. პროგრამის მონაწილეები ბუნების დაცვა/შენარჩუნების ღონისძიებებში აქტიურად ეხმარებიან დაცული ტერიტორიების რეინჯერებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში. მათი დასაქმებით, გარკვეულწილად, გაიზარდა სააგენტოს შესაძლებლობები როგორც ბუნების დაცვის, ისე ვიზიტორთა მომსახურების მიმართულებებით. დაცული ტერიტორიების სააგენტო მზადაა, სურვილის შემთხვევაში, წლის ბოლომდე, სააგენტოში, დამატებით, კიდევ 622 სოციალურად დაუცველი პირი დაასაქმოს. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ გამოცდილება, გახდნენ კონკურენტუნარიანები, გაიუმჯობესონ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა.

„მოხარული ვარ, რომ დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. ვმუშაობ ჩემს სახლთან ახლოს, აჯამეთის აღკვეთილში, მიყვარს და ვიცავ ბუნებას ჩვენს რეინჯერებთან ერთად. მომწონს ჩემი ახალი საქმე. დასაქმების  პროგრამით, ეკონომიკური მდგომარეობაც გამიუმჯობესდა”, - აღნიშნა ზაზა ჭუმბურიძემ, რომელიც, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილში დასაქმდა.

ოთარ შამუგიამ და ზურაბ აზარაშვილმა, შეხვედრის ბოლოს, აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე ეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერეს. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა 14 კილომეტრიანი წრიული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მარკირებული, ეკოტურისტული ბილიკების ქსელის მოწყობა თანამდევი ინფრასტრუქტურით.

აჯამეთის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, ორი მუნიციპალიტეტის - ბაღდათისა და ზესტაფონის ტერიტორიაზე მდებარეობს.