საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში ორბელსა და ლაჯანაში პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება.
პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მათი ცნობით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
„სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან“,- აღნიშნულია განცხადებაში.