რეგიონი

წიგნის კლუბი, სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს ეგიდით, პორტუგალიასთან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს

ჩაჩხათის წიგნის კლუბი
1659015865
დაკოპირებულია

გურიის სოფელ ჩოჩხათის ბიბლიოთეკა - წიგნის კლუბი - სივრცე, რომელსაც მხოლოდ სამკითხველოს ფუნქცია არ აქვს. ბიბლიოთეკა წარმოადგენს ერთგვარ „თავშეყრის“ ადგილს, სადაც მისვლა ნებისმიერ დროს ნებისმიერი საკითხის გასარკვევად შეგიძლიათ.

სწორედ ამ ბიბლიოთეკაში ხორციელდება წიგნის კლუბის პროექტი, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. თუმცა, ეს ადგილი მხოლოდ ახალგაზრდებისთვის კი არ არის საინტერესო, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვისაც სხვადასხვა პროექტი თუ აქტივობა აინტერესებს. პროექტი მიზნად ისახავს ინკლუზიური და თანასწორი განათლების, ასევე, უწყვეტი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფას.

ბიბლიოთეკა მუდმივად ჩართულია სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო, შარშან პროექტ „ჩიტალიშტეში“ მონაწილეობა, რომლის მიზანიც იყო თემის განვითარება ბულგარეთის საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით. თუმცა, კოვიდპანდემიის გამო აღნიშნული პროექტი ბოლომდე ვერ განხორციელდა. ამას გურიის ბიბლიოთეკისთვის ხელი არ შეუშლია, ფარ-ხმალი არ დაყარა და მალევე სტუდენტურ-ახალგაზრდულმა სათათბირომ გაცვლითი პროგრამის განხორციელება პორტუგალიასთან დაიწყო.

„პროექტს ახორციელებდა სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო და აქტიური ბულგარული საზოგადოება. პროექტი დააფინანსა ბულგარეთის საელჩომ. ეს ითვალისწინებდა გაცვლით პროგრამას. ჩვენ 1 კვირით ვიყავით სასწავლო ვიზიტით ბულგარეთში, სადაც გავეცანით იქაური ბიბლიოთეკების მუშაობას. იქაც, როგორც ჩვენთან, წიგნის კლუბში, ბიბლიოთეკას არ აქვს მხოლოდ სამკითხველოს ფუნქცია. მუშაობენ სხვადასხვა კუთხით. პროექტის მიზანი იყო, რომ ჩვენ დაგვენერგა ეს გურიაში და ამის განვითარება გურიის რეგიონიდან ყოფილიყო. შეხვედრები და აქტივობები ჩავატარეთ, იმისთვის, რომ იქ მიღებული ცოდნა გურიის ბიბლიოთეკარებისთვის გაგვეცნო. ბულგარეთიდან საელჩოს მიერ გამოგზავნილი დელეგაცია უნდა მიგვეღო და ჩვენს ბიბლიოთეკაში უნდა ჩამოსულიყვნენ. მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ვერ მივიღეთ დელეგაცია და შეჩერდა ეს პროექტი.

ამიტომ, სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო ამ ეტაპზე პორტუგალიასთან ახორციელებს გაცვლით პროგრამას. ორი პორტუგალიელი მოხალისე წიგნის კლუბელებთან ერთად პრეზენტაციებს მართავენ, გეგმავენ აქტივობებს. მაგალითად, კვირაში ერთხელ დაგეგმილია ფილმის ჩვენება და განხილვა. სიმღერების და ცეკვის დღეები გვაქვს, ასევე, მხიარული სტარტები და სპორტის დღეები. კვირაში ერთი დღე ეთმობა პორტუგალიური და ქართული ენების შესწავლას. ჩვენი მოხალისეები პროფესიით მხატვარ-დიზაინერები არიან. ბავშვებს ასწავლიან სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის დამზადებას. ასევე, კედლების მოხატვას, პრაქტიკაშიც განახორციელეს. დაზიანებული კედლები მოხატეს. მოხალისეები ჩვენთან 2 თვით არიან ჩამოსული, სექტემბერში მიფრინავენ. ჩვენი მიზანი არის, რომ ევროკლუბები ჩამოყალიბდეს და ევროპიდან მივიღოთ მოხალისეები, ასევე ჩავერთოთ გაცვლით პროგრამებში, სადაც გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენმა ბიბლიოთეკამ გაიაროს აკრედიტაცია და ჩვენ თავად შევძლოთ მოხალისეების გაგზავნა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაცვლითი პროგრამებით.

ევროპაში ბიბლიოთეკებს მარტო სამკითხველოს ფუნქცია არ აქვს. იქ სხვადასხვა აქტივობა ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პრაქტიკები საქართველოშიც დაინერგოს და მხოლოდ სამკითხველოს ფუნქცია არ ჰქონდეს ბიბლიოთეკას“, - განაცხადა წიგნის კლუბის მენეჯერმა ნათია ღლონტმა.

წიგნის კლუბის პროექტს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ციფრული მედიასააგენტო „კლიპარტი“ ახორციელებს.