სამართალი

„9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

პროკურორი გიორგი მუჯირი
1638388978
დაკოპირებულია

პროკურორმა გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების შესახებ ისაუბრა, რომელიც  სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანხების განკარგვის საქმეს, ბიუჯეტის კუთვნილი 9 მლნ ლარის გაფლანგვას ეხება.

პროკურორის თქმით, ხარჯის გადახდა  გრიფით საიდუმლო ფორმით ხდებოდა, რომ ეს არ დაქვემდებარებოდა საზოგადოებრივ კონტროლს.

„დაცვის მხარე და სხვადასხვა სუბიექტური პირი გამუდმებით ცდილობენ, საზოგადოებაში გააჩინონ აღქმა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ პიჯაკებისა თუ სარიტუალო თაიგულის გამო ასამართლებენ. რეალურად, ჩვენ საქმე გვაქვს 9 მლნ ლარის გაფლანგვასთან. რა თქმა უნდა, მასში შედის პიჯაკებისთვის უკანონოდ გადახდილი თანხა, რაც 9 მლნ ლარიდან 0,5%-ს შეადგენს.  9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი არ მოხმარებია სახელმწიფო ინტერესებს.

ასევე, დაცვის მხარე მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს 9 მლნ ლარი უნდა გადახდილიყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. რეალურად, ეს 9 მლნ ლარი არც ერთი სახელმწიფო უწყების მიერ არ უნდა გახარჯულიყო, ვინაიდან ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის განკუთვნილი ხარჯები.

ბრალდების შესახებ დადგენილებაში ნათლად არის მითითებული, რომ საქმე შეეხება 9 მლნ ლარის გაფლანგვას, საიდანაც მაგალითისთვის, 2 100 000 ლარი დახარჯულია ელიტარულ კურორტებსა თუ ძვირად ღირებულ ქალაქებში სასტუმროს მომსახურებაზე, რესტორნებში გახარჯულია 1 400 000 ლარი, სუვენირებსა თუ საჩუქრებზე გადახდილია 237 000 ლარი, შვილების სწავლაზე დახარჯულია 65 000 ლარი, კოსმეტიკურ პროცედურებში გადახდილია 721 000 ლარი“, - აღნიშნავს პროკურორი. 

პროკურორმა გიორგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის გასახდომი პროცედურისთვის გახარჯულ თანხაზეც ისაუბრა. 

„9 მლნ ლარიდან კოსმეტიკური ხარჯები მსხვილ ნაწილს იკავებს და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რაც მიღებული აქვს ძვირად ღირებულ ქალაქებში, ისეთში როგორიცაა: ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა.

ბუნებრივია, მათ შორის გამაჯანსაღებელი პროცედურებში იგულისხმება გიორგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის გასახდომი პროცედურისთვის გახარჯულ 114 000 ლარი. ეს დანახარჯები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ წარმოადგენდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მიზნობრივად გამოყოფილი თანხით გადასახდელ თანხას და ეს ცალსახად უკანონობა იყო“, - განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 სააკაშვილს სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს სხდომაზე - დიტო საძაგლიშვილი

⚫ „მირჩევნია, სააკაშვილი უფრო თავისუფალ გარემოში იყოს“ - გიული ალასანია

⚫ „თუ სააკაშვილზე მართლა ზრუნავთ და ზრუნავთ მის სიცოცხლეზე, ორი კვირა მოგვეცით ექიმებს“ - ელენე გიორგაძე

⚫ „არანაირი გარემოება არაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრება კვლავ შეზღუდოს“ - ადვოკატი

⚫ „სააკაშვილის შეწყალების საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“ - ადვოკატი

⚫ „საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში“ - სააკაშვილი

⚫  „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე