მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრალდების მხარემ ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება გააცნო

პროკურატურის შენობა

ბრალდების მხარემ ნ.კ.-ს ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარებისთვის დაკავებულ პირებს - ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ბრალდება გააცნო. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ორივე პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით, დაუსწრებლად წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ ნ.კ.-ს მოკვლა განიზრახეს, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასევე, 2021 წლის 14 სექტემბერს ნ.ბ.-სგან ავტომობილი იქირავეს. 15 სექტემბერს, ა.ჭ. და გ.კ. ვ.ანჯაფარიძის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც პირად საქმეზე ნ.კ. იმყოფებოდა. დანაშაულებრივი განზრახვის, კერძოდ, ნ.კ.-ს ჯგუფურად განზრახ მოკვლის სისრულეში მოყვანის მიზნით, ავტომობილიდან გადასული ა.ჭ. ნ.კ.-ს დაბრუნებას დაელოდა, ხოლო მისი თანამზრახველი გ.კ. დარჩა ავტომობილის საჭესთან.

პირადი საქმის დასრულების შემდეგ ნ.კ. დაბრუნდა ავტომობილთან, რა დროსაც მას ზურგის მხრიდან შეიარაღებული ა.ჭ. მიუახლოვდა და განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე ზურგში ესროლა. ნ.კ. თავდამსხმელისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ა.ჭ. დაედევნა და კვლავ განაგრძო სროლა მისი მიმართულებით, რა დროსაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები.

სროლის დასრულების შემდეგ, ა.ჭ. გაიქცა და გ.კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, თანამზრახველთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა ნ.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.კ. გარდაიცვალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძებნილი პირები - ა.ჭ. და გ.კ. 2021 წლის 7 ოქტომბერს წყნეთში დააკავეს.

„პროკურატურამ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალის დაზუსტება“, - განაცხადეს პროკურატურაში.