
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა სოციალურად დაუცველ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის მეშვეობით, დაეხმარებოდა მას ქალაქ გორში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა 4 500 აშშ დოლარი, საიდანაც, წინასწარ გამოართვა 3 900 დოლარი, რა დროსაც, მოხდა მისი დაკავება", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.