მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ტორაძე: თუ აქამდე ვისმენდით, რომ ჩემი მარწმუნებელი არაფერ შუაში არ იყო „თიბისი“ ბანკთან, დღეს ისიც გავიგეთ, რომ თურმე ხაზარაძე-ჯაფარიძე არ ყოფილან „თიბისი ბანკის“ აქციონერები

ადვოკატი დიმიტრი ტორაძე

„თიბისი“ ბანკის ბრიტანელი აქციონერი იან მალკჰოლმ ჰოქსი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ახალ დავას იწყებს. ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა.

სარჩელის თანახმად, ბრიტანელი აქციონერი „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. მისი თქმით, საუბარია 50 მილიონი ამერიკულ დოლარის ზარალზე. სარჩელის წარდგენის პარალელურად, სასამართლომ „თიბისი“ ბანკიდან, 15 ივლისს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დივიდენდის სახით მისაღები, 30 მილიონამდე ლარი უკვე დაუყადაღა.

მოპასუხე მხარის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განმარტა, რომ საქალაქო სასამართლომ კვლევის და იმის დადგენის გარეშე, იყო თუ არა მალკომი „თიბისი“ ბანკის რეალური აქციონერი, გასცა განჩინება, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აეკრძალათ „თიბისი“ ბანკიდან ნებისმიერი დივიდენდის მიღება და განკარგვა.

მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ირკვევა, რომ 2022 წლის 16 ივნისს საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა „თიბისი“ ბანკის ყალბმა აქციონერმა იან მალკოლმ ჰოქსმა.

როგორც კორძაძემ აღნიშნა, მათ მიმართეს როგორც „თიბისი“ ბანკს, ისე, სააქციო საზოგადოება „თიბისი“ ბანკის რეგისტრატორს, სადაც აქციებია რეგისტრირებული, და „თიბისი კაპიტალს“, რომელიც ნომინალურ მფლობელობაში მყოფ აქციებს ფლობს. კორძაძის თქმით, მათ სამივეგან დაუდასტურეს, რომ არავითარი აქციონერი, როგორიც არის იან მალკჰოლმ ჰოქსი, „თიბისი“ ბანკს არ ჰყავს.

ზვიად კორძაძემ, ასევე, განაცხადა, რომ დღევანდელი მოცემულობებით სააქციო საზოგადოება „თიბისი“ ბანკის აქციონერები არც ბადრი ჯაფარიძე და არც მამუკა ხაზარაძე არ არიან.

ზვიად კორძაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს, რადგან, მისი თქმით, წარმოებაში მიიღო იმ პირის სარჩელი, რომელიც არ არის „თიბისი“ ბანკის აქციონერი და გამოიტანა განჩინება, რომელიც, მისი მტკიცებით, სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს.

ზვიად კორძაძის განცხადებით, მათ მიმართეს სასამართლოს, სადაც აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს. ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული განჩინება არის ორკესტრირებული დევნის გაგრძელება ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ.

ზვიად კორძაძემ სატელევიზიო ჩართვაში საუბრისას აღნიშნა, რომ მათ სარჩელი არ ჩაბარებიათ, რისთვისაც მხარეს ორთვიანი ვადა ჰქონდა და განჩინებაც პრესკონფერენციის ჩატარების შემდეგ მიიღეს.

მან ბრიტანელი აქციონერის ადვოკატს დიმიტრი ტორაძეს შეკითხვით მიმართა. კორძაძე დაინტერესდა, თუ საიდან აქვს დიმიტრი ტორაძეს განაჩენი, როდესაც, მისი თქმით, აღნიშნულ განაჩენი საჯაროდ არსად გამოქვეყნებულა.

Pia.ge ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის კითხვებზე საპასუხოდ ბრიტანელი აქციონერის ადვოკატს დიმიტრი ტორაძეს დაუკავშირდა.

როგორც ტორაძემ აღნიშნა, ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატს სარჩელი ჩაბარდა და მეტიც, მათ გასაჩივრების ვადას გადააცილეს.

„ბატონი ზვიადი საუბრობდა ჩემი სარჩელის ციტატებით, არგუმენტებად ტელევიზიებს აჩვენებდა თანდართულ საბუთებს და იქვე გვიმტკიცებდა, რომ სარჩელი არც კი ჩაბარებიათ. საქმე გვაქვს ან მარტივ ტყუილთან, ან კანონდარღვევასთან, რადგან გამოდის, რომ მას ეს დოკუმენტები მიაწოდა „თიბისი ბანკმა“, რომელიც, ასევე, ბატონი ზვიადის თქმით, არაფერ კავშირში არ არის მასთან. სინამდვილეში, მათ სარჩელი ჩაჰბარდათ კიდეც და გასაჩივრების ვადაც გაუშვეს.“, - აღნიშნა დიმიტრი ტორაძემ.

ადვოკატმა, ასევე, უპასუხა კოლეგის კითხვას, თუ საიდან აქვს მას სასამართლოს განჩინების ასლები, საიდანაც მან სარჩელის წარდგენისას ისაუბრა.

„მოწინააღმდეგე მხარე სარჩელს უფრო ყურადღებით რომ გასცნობოდა, იქვე ნახავდა პასუხებს ამ კითხვაზე - ამ განაჩენის ასლები მე ავიღე ერთ-ერთი მედიასაშუალებიდან, სადაც გამოქვეყნებული ჰქონდა ზვიად კორძაძის ბიუროს ადვოკატ კახა წიქარიშვილს და უფრო მეტიც, მივმართე „თიბისი ბანკს“, უზრუნველყო ამ განაჩენის ასლების საჯარო სივრციდან წაშლა, ვინაიდან ამით ირღვეოდა კონფიდენციალურობა, რაც უარყოფითად აისახება როგორც ბანკის, ასევე, ჩემი მარწმუნებლის ინტერესებზე.

და ყველაზე მთავარი, თუ აქამდე ვისმენდით, რომ ჩემი მარწმუნებელი არაფერ შუაში არ იყო „თიბისი“ ბანკთან, დღეს ისიც გავიგეთ, რომ თურმე არც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ ყოფილან „თიბისი ბანკის“ აქციონერები.

მოკლედ, საღამომდე თუ კიდევ სამჯერ მოასწრებს „თიბისი“ ხაზარაძის და ჯაფარიძის უარყოფას, უკვე სამართლებრივ სივრცეს ვცდებით. სერიოზულად კი ჩვენ ვართ იურისტები და უნდა ვისაუბროთ არგუმენტებით, რომელსაც საბოლოო ჯამში სასამართლომდე მივყავართ“, - განაცხადა დიმიტრი ტორაძემ.

 

ამავე თემაზე:

ვინ არის იან მალკჰოლმ ჰოქსი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას სთხოვს

⭕ სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 30 მლნ ლარი დაუყადაღა

⭕ თიბისის პარტნიორი ჯაფარიძისგან და ხაზარაძისგან მითვისებული თანხის დაბრუნებას მოითხოვს

⭕ რატომ ითხოვს ბრიტანელი აქციონერი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან 40 მილიონი დოლარის ანაზღაურებას?