მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება

სოფო ნიკოლეიშვილი

გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე, გულგრილობის შედეგად, ლაგოდეხის ნაკრძალში „ნინოსხევის ჩანჩქერზე“ 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ იქნა ცნობილი  220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. აღნიშნულს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ვ.ქ.-ს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ იგი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.

„საქართველოს პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს  მერ მიღებულ გადაწყვეტილებას,  არ ეთანხმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონი”-ს  XI² კლასის მოსწავლეები, აღმზრდელ ნ.ს.-ის ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, საერო სკოლა „ალბიონი”-ს კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მოსანახულებლად.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, მიუხედავად იმისა, რომ ნ.ს.-სთვის, როგორც ექსკურსიის ხელმძღვანელისთვის და სკოლა „ალბიონი”-ს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირისთვის, ცნობილი გახდა მეტეოროლოგიური პირობების გამო საექსკურსიო მარშრუტის სირთულის შესახებ, გამოიჩინა დაუდევრობა და  არაჯეროვნად შეაფასა არსებული ვითარება.

პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გასძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი  შევიდა ჩანჩქერის სწრაფ დინებაში და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

2020 წლის 01 ივლისს, აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინათ შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონი“-ს პედაგოგებს ვ.ქ.-ს და ნ.ს.-ს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

ამავე თემაზე: 

🔴 „კლასის დამრიგებელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“ - ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა