მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დემონტაჟი იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტის მიხედვით განხორციელდა“ - ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი

ბათუმში ბინის მესაკუთრის ადვოკატი

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფში მიმდინარეობდა სამუშაოები, სინამდვილეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული ბინის მეპატრონის ადვოკატმა რამინ პაპიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კედლები მზიდი იყო თუ არ იყო ვერანაირი მოწმის ჩვენებით ვერ დადგინდება და ეს ექსპერტმა უნდა შეისწავლოს.

„სახლის ნგრევის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება დადგინდეს საინჟინრო ექსპერტიზის მეშვეობით, სხვაგვარად შეუძლებელია. გავრცელებული ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფში მიმდინარეობდა სამუშაოები, სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს არის დეზინფორმაცია.

სარემონტო სამუშაოები პირველ სართულზე მიმდინარეობდა არსებულ საცხოვრებელ ფართში. ასე ვთქვათ შიდა კედლების დემონტაჟი მიმდინარეობდა. ეს კედლები მზიდი იყო თუ არ იყო ვერანაირი მოწმის ჩვენებით ვერ დადგინდება. ეს ექსპერტმა უნდა შეისწავლოს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ის პროექტი, რომლის მიხედვითაც დემონტაჟი განხორციელდა, იმ საცხოვრებელ სახლში იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტის მიხედვით განხორციელდა. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება“, - აცხადებს ადვოკატი.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

🔴 „დიდია მწუხარება, რომელიც ახლახან ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა, ღმერთს შევთხოვ, მოგვცეს გამძლეობა“ - ილია II

🔴 გლოვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა