მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოში „რუსთავი 2“-ის დირექტორი გამოიკითხება

ნიკა გვარამია სასამართლოზე

ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „რუსთავი 2“-ის დირექტორი პაატა სალია გამოიკითხება. 

როგორც ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, დღევანდელი პროცესი დაკითხვებით დასრულდება და დაცვის მხარეს კითხვების დასმის შესაძლებლობა მხოლოდ მომდევნო სხდომაზე ექნება.

„დღეს დაიკითხება პაატა სალია, თუმცა რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, დღევანდელი პროცესი პირდაპირი დაკითხვის ეტაპზე დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცვის მხარეს მხოლოდ მომავალ სხდომაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ კითხვების დასმა გავაგრძელოთ.

ბუნებრივია, ჩვენი კითხვები შეეხება იმ გარემოებებს, რომლის შესახებაც ბატონი პაატა ჩვენებაში საუბრობს. ცხადია, მოვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ ნიკა გვარამიას დირექტორობის დროს „რუსთავი 2“ ყველაზე წარმატებული ტელევიზია იყო როგორც რეიტინგის, ასევე შემოსავლების თვალსაზრისით. ასე რომ, არანაირი დანაშაული მას არ ჩაუდენია და რეალურად, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენა პოლიტიკური მოტივითაა განპირობებული“, - აღნიშნა ადვოკატმა. 

ინფორმაციისთვის, „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს ნიკა გვარამიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გამოყენებას ედავებიან. მას ბრალი 2019 წლის აგვისტოში წარუდგინეს.

საქმეზე განაჩენი სასამართლომ 20 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს.