მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა არის რომის წესდება, იგივე რომის სტატუტი?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი. 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს. 

რა არის რომის სტატუტი და რა ფუნქცია აკისრია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება (ასევე ცნობილია, როგორც რომის წესდება ან რომის სტატუტი) არის ხელშეკრულება, რომელმაც დააარსა სისხლი სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC).

ხელშეკრულება დიპლომატიურ კონფერენციაზე რომში მიიღეს 1998 წლის 17 ივლისს და იგი ძალაში შევიდა 2002 წლის 1-ელ ივლისს. 2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 123 სახელმწიფოა წესდების მხარე (მათ შორის, საქართველოს). თუმცა, ამ სახელმწიფოებში არ შედის უკრაინა და რუსეთის ფედერაცია. სხვა საკითხებთან ერთად, წესდება ადგენს სასამართლოს ფუნქციებს, იურისდიქციასა და სტრუქტურას.

სასამართლო არის პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალი, რომლის კომპეტენციაშიც შედის მხოლოდ ფიზიკური პირების ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განხილვა.

პოლიტიკოსთა ერთი ნაწილისთვის ICC მხოლოდ რუსეთის ფედერაციის საწინააღმდეგო ინსტრუმენტად აღიქმება, ხოლო პოლიტიკოსთა მეორე ნაწილი საერთაშორისო ტრიბუნალზე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წარდგენის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

რა დანაშაულებზე ვრცელდება სასამართლოს იურისდიქცია?

რომის სტატუტის მიხედვით სასამართლოს განსჯად დანაშაულებში შედის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ყველაზე მძიმე დანაშაულად აღიარებული ოთხი დანაშაული:

1️⃣ გენოციდი 

2️⃣ ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები

3️⃣ ომის დანაშაულები 

4️⃣ აგრესიის დანაშაული

ეს დანაშაულები არ ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას. საქართველომ რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინა 2003 წლის 5 სექტემბერს. შესაბამისად, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს მოქალაქეების მიერ 2003 წლის 5 სექტემბრის შემდგომ ჩადენილ დანაშაულებზე.

რომის წესდების მიხედვით, ICC-ს შეუძლია გამოიძიოს და განახორციელოს ოთხი ძირითადი საერთაშორისო დანაშაული მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც სახელმწიფოებს თავად „არ შეუძლიათ“ ან „არ სურთ“ ამის გაკეთება, სასამართლოს იურისდიქცია ავსებს შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების იურისდიქციას. სასამართლოს აქვს იურისდიქცია დანაშაულებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩადენილია მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან თუ ჩადენილია მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქის მიერ. ამ წესის გამონაკლისი არის ის, რომ ICC-ს შეიძლება, ასევე, ჰქონდეს იურისდიქცია დანაშაულებზე, თუ ის უფლებამოსილი იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. 

რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეიძლება გასამართლდნენ ICC-ის მიერ?

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც სასამართლოს წესდებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. როგორც წესი, სასამართლოს ინტერესის ქვეშ ექცევიან მთავარი სამხედრო თუ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შესაბამის საერთაშორისო დანაშაულებზე და არა რიგითი ჯარისკაცები, რომელთა ეროვნულ დონეზე გასამართლებაც შესაძლოა, უფრო მარტივ ამოცანას წარმოადგენდეს.

რომის სტატუტის პირველი მუხლის მიხედვით, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. სასამართლოში არ დგება სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის საკითხი.

როგორც აღვნიშნეთ, რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო არ არის რუსეთი. შესაბამისად საინტერესოა, რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს სასამართლოს იურისდიქციის უკრაინის სიტუაციაზე გასავრცელებლად.

უკრაინის სიტუაციის ქვეშ საერთაშორისო საჯარო გადმოსახედიდან შეგვიძლია მოვიაზროთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაეროს ქარტიის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის უხეში დარღვევა, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენცია და სამხედრო ძალის გამოყენება, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გაგებით, სახეზე გვაქვს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის საკითხი და მის კომპეტენციაში შედის მხოლოდ ფიზიკური პირების ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა. თუმცა, ამ ზოგადი წესის მიღმა არსებობს არაწევრ სახელმწიფოზე სასამართლოს იურისდიქციის გავრცელების ორი შესაძლებლობა:

1️⃣ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს ქარტიის მეშვიდე თავის მიხედვით, სასამართლოსთვის ისეთი სიტუაციის გამოსაძიებლად გადაცემა (რეფერალი), რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. აღნიშნული ფაქტი სასამართლოს ისტორიაში სახეზე იყო მხოლოდ ორჯერ, 2005 წელს სუდანის (დარფურის სიტუაციის) და 2011 წლის ლიბიის შემთხვევებში

რუსეთის ფედერაცია, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი და ვეტოს უფლების მქონე წევრი, არ დაუშვებს მისი ხელისუფლების ინტერესების საწინააღმდეგოდ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სასამართლოსთვის მიმართვას და გამოძიების დაწყებას. შესაბამისად, უკრაინის შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებლობა მხოლოდ თეორიულ მოცემულობად რჩება, რადგან რუსეთი სარგებლობს ვეტოს უფლებით. 

2️⃣ რომის სტატუტის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, არაწევრ სახელმწიფოსაც აქვს უფლება კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებით აღიაროს სასამართლოს იურისდიქცია და იკისროს სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება. სწორედ აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა წინასწარი მოკვლევა უკრაინის სიტუაციის გარშემო 2014 წლის ე.წ. „მაიდანის მოვლენებისა“ და შემდგომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში (დონეცკსა და ლუგანსკში), ასევე სამხრეთ უკრაინაში – ყირიმში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან მიმართებით.

აღსანიშნავია, რომ რომის სტატუტი არ ითვალისწინებს აგრესიის დანაშაულზე სასამართლოს იურისდიქციის რომის სტატუტის არაწევრ სახელმწიფოებზე გავრცელებას (სასამართლოს წევრი სახელმწიფოების შემთხვევაშიც კი აუცილებელია აღნიშნულ დანაშაულზე სასამართლოს იურისდიქციის აღიარების წინაპირობის დაკმაყოფილება). სწორედ ამიტომ ICC მოკლებულია შესაძლებლობას უკრაინის ჭრილში იმსჯელოს აგრესიის დანაშაულზე.

საბოლოოდ, რომის სტატუტის მე-12(3) მუხლით დადგენილი საგამონაკლისო წესი, უკრაინის მთავრობის 2015 წლის მეორე დეკლარაცია და 2022 წლის რუსეთის ფედერაციის აგრესია და თანამდევი დანაშაულები წარმოადგენს იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, რომლებითაც დასაბუთდა და გამყარდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამჟამინდელი პროკურორის – კარიმ ხანის ამ წლის 28 თებერვლის ინიციატივა და სურვილი გამოძიება დაეწყო რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წელს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზეც. თავისი არსით, ამავე გამოძიების ფარგლებში ექცევა ე.წ. „მაიდნის მოვლენები“და უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წლის შემდგომ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებიც.

გამოძიების დასაწყებად პროკურორს უნდა გადაელახა გარკვეული პროცედურული ბარიერები. კერძოდ, საჭირო იყო ან ICC-ის წინასასამართლო პალატის ავტორიზაციის დაჩქარებული წესით მიღება ან რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოს მხრიდან (რადგანაც უკრაინა არაა მისი ხელშემკვრელი მხარე) რეფერალის, ანუ სიტუაციის გამოსაძიებლად მოთხოვნის გადაცემა. სწორედ ამ პროცედურის გავლის შემდეგ პროკურორისთვის შესაძლებელი გახდებოდა გამოძიების მყისიერი დაწყება და მტკიცებულებების განადგურების რისკის შეძლებისდაგვარად შემცირება.

2022 წლის 2 მარტს რომის სტატუტის 38 ხელმომწერმა სახელმწიფომ (მათ შორის საქართველომ) მოითხოვა უკრაინის სიტუაციის გარშემო გამოძიების დაწყება.

შესაბამისად, 2022 წლის 2 მარტის შემდეგ, სასამართლოს პროკურორს უკვე აქვს სამართლებრივი საფუძველი შესაბამისი მტკიცებულების შეგროვების შემდეგ გამოკვეთოს ბრალდებულები და აღარ მოუწევს წინასასამართლო პალატის ავტორიზაციის ლოდინი. კერძოდ, ავტორიზაციის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს პროკურორის  მიკერძოებულობის გამომრიცხველ ერთგვარ მაკონტროლებელ მექანიზმის, რომლის საჭიროებაც ქრება იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების დაწყებით დაინტერესებულია არა მხოლოდ პროკურორი, არამედ რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოები.

პროკურორი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს მიუკერძოებლად და ობიექტურად და პატივი სცეს კომპლემენტარობის პრინციპს {ეროვნულ დონეზე ჭეშმარიტი მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობა}.

თუმცა, კომპლემენტარობის პრინციპი ამ შემთხვევაში ნაკლებად რელევანტური იქნება, რადგან რუსეთის ფედერაციას დიდი ალბათობით არ ექნება ეროვნულ დონეზე სავარაუდო დამნაშავეების გასამართლების სურვილი.

ჯერჯერობით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მხრიდან საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ომის დანაშაულებზე, ანუ ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევებზე და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (ნებისმიერი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მასშტაბური ან სისტემატური თავდასხმები განხორციელებული შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის მიხედვით).

როგორც უკვე აღინიშნა, აგრესიის დანაშაულზე სასამართლოს იურისდიქცია და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო და სამხედრო მეთაურების პასუხისმგებლობის ამ კუთხით გამოკვეთა ვერ მოხდება იურისდიქციული შეზღუდვის გამო.

აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო და არ აღიარებს სასამართლოს იურისდიქციას. რუსეთმა არათუ რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინა, არამედ 2016 წელს გაიწვია 16 წლით ადრე სტატუსზე გაკეთებული ხელმოწერაც და ამით სიგნალი მისცა სასამართლოს, რომ არც უკრაინის და არც საქართველოს სიტუაციების გარშემო მიმდინარე საკითხებზე მასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ამის გამო, ბრალდებულების გამოკვეთის შემდეგ გამოძიება წინ ვერ წაიწევს მანამდე, სანამ არ მოხდება ბრალდებული პირების დაკავება და სასამართლოს წინაშე წარდგენა. 

ბრალდებული პირების დატყვევება ან დაკავება კი შეიძლება მოხდეს ან ისეთ სახელმწიფოში მათი ვიზიტის/ყოფნის დროს, რომელიც აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას (მათ შორის, იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია პერსონალური იმუნიტეტის მქონე პირის დაკავება საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად), ან საერთაშორისო წნეხის ფონზე თავად ბრალდებულების მოქალაქეობის სახელმწიფოში (ამ შემთხვევაში რუსეთში) უნდა მოხდეს პოლიტიკური ნიადაგის ცვლილება, დამნაშავეთა დაკავება ან/და სასამართლოს წინაშე ნებაყოფლობით წარდგენა. 

ამ ეტაპისთვის სასამართლოს მისიაა, გამოკვეთოს ბრალდებული პირები, გამოსცეს დაკავების ორდერები და დაელოდოს ჰააგაში მათ გადაყვანას. პოლიტიკური კუთხით ეს იქნება მნიშვნელოვანი პრევენციული სიგნალი დაუსჯელობის სინდრომის წინააღმდეგ, თუმცა სამართლებრივი კუთხით დაკავების ორდერს სჭირდება აღსრულება.

სტატია მომზადებულია საინფორმაციო ვებგვერდ „სივილ ჯორჯიას“ და ვიკიპედიაში მოპოვებული მასალებიდან. 

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს - ერმაკი

👉 ეს ძალიან ძლიერი სიგნალია, პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები - ბაიდენი პუტინის დაკავების ორდერზე

👉 როგორ ეხმაურებიან კრემლში ჰააგის სასამართლოს მიერ, პუტინის დაკავების ორდერის გაცემას

👉 კანონზე მაღლა არავინ დგას - შოლცი პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე