მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის საქმის პროკურორი: მიდის მუშაობა, რომ კონკრეტულ საქმეზე მოხდეს პრეზიდენტის გამოკითხვა - არავითარი პროცესის გაჭიანურება არ ხდება

სააკაშვილის საქმის პროკურორი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ექსპრეზიდენტის გამოკითხვის ვადებთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყება გონივრული ვადის სტანდარტით ხელმძღვანელობს, რადგან სისხლის სამართლის პროცესით არ არის განსაზღვრული, რა ვადაში უნდა გამოიკითხოს პრეზიდენტი კონკრეტულ საქმეზე.

მისივე თქმით, მიდის მუშაობა, რომ კონკრეტულ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის გამოიკითხოს და შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა იგეგმება.

„კონკრეტული ვადა სისხლის სამართლის პროცესით არაა განსაზღვრული, რა ვადაში უნდა გამოიკითხოს პრეზიდენტი კონკრეტულ საქმეზე, თუმცა ჩვენ ასეთ შემთხვევაში გონივრული ვადებით ვხელმძღვანელობთ - გონივრული ვადის სტანდარტით. ბუნებრივია, დაიგეგმება და უკვე მიდის მუშაობა, რომ კონკრეტულ საქმეზე მოხდეს პრეზიდენტის გამოკითხვა, თუმცა, ეს როდის შეიძლება მოხდეს, ან მას რა პოზიცია ექნება, მიაწვდის თუ არა გამოძიებას ინფორმაციას, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ იგეგმება, მაგრამ კონკრეტულ ვადას და თარიღს ბუნებრივია, ახლა ვერ გეტყვით“, - განაცხადა პროკურორმა.

მან, ასევე, უპასუხა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველების პოზიციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმადაც, პროცესების გაჭიანურება განგებ ხდება, რომ სააკაშვილს საჯაროდ გამოსვლის საშუალება არ მიეცეს, პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება მარტივი მიზეზის გამო:

„მაგალითად, 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი ჩანიშნული იყო ბევრად უფრო ადრე, წინმსწრებად, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მოხდებოდა. სანამ დააკავებდნენ პრეზიდენტს, მანამდე უკვე განსაზღვრული იყო განრიგი პროცესების. მნიშვნელოვანი იცით რა არის? დაცვის ადვოკატებთან შეთანხმებით და მათი სურვილით მოხდა მათ შორის განრიგის გაწერა. დღეს რომ იძახიან შეგნებულად გაჭიანურდა პროცესებიო, მათ კარგად იციან, რომ მათთან შეთანხმებით, წინასწარ იყო ეს თარიღები ჩანიშნული. არავითარი პროცესის გაჭიანურება არ ხდება. დადგენილია ის კონკრეტული თარიღი, როცა უნდა ჩატარდეს ეს პროცესი და იმ თარიღში ჩატარდება, ბუნებრივია“, - განაცხადა მან.