მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პროკურატურაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე მულტისექტორული შეხვედრა გაიმართა

პროკურატურაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე მულტისექტორული შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე მულტისექტორული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსმა და ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ამერიკელმა ექსპერტმა დევიდ მარტინმა გახსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტო და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.

„შეხვედრაზე თითოეულმა უწყებამ წარმოადგინა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ასევე, განხილულ იქნა გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან სახელმწიფო უწყებები. შეხვედრის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდა უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობისა და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამერიკელმა ექსპერტმა მონაწილეებს აშშ-ის მულტისექტორული თანამშრომლობის წარმატებული მოდელი გააცნო და საქართველოში უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციები მისცა. აღნიშნული შეხვედრა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.