მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შენიშნეს რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს კედლების გამაგრება, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი“- პროკურორი

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა

„მოშალეს საცხოვრებელ სახლში როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კედლები. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა შესაბამისი საინჟინრო უსაფრთხოების მცოდნე ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე“, - ამის შესახებ პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ტარდება სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.

„2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის შუალედში ზ.ბ-სთან შეთანხმებით და მის მიერ ხელშეკრულების გარეშე დაქირავებულმა პირებმა ხ.ს-მ და გ.ს-მ ყოველგვარი სახელმწიფოსაგან გაცემული ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც მიმდინარეობდა სამშენებლო და საინჟინრო უსაფრთხოების წესების სრული დარღვევით. მათ მოშალეს საცხოვრებელ სახლში როგორც არამზიდი, ასევე, მზიდი კედლები. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა შესაბამისი საინჟინრო უსაფრთხოების მცოდნე ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე.

აღნიშნულმა გამოიწვია საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობისა და სიმტკიცის რღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა. გარდაიცვალა 9 პირი მათ შორის 3 არასრულწლოვანი და აღნიშნულ მისამართზე უძრავი და მოძრავი ქონება განადგურდა.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ მომენტშიც ტარდება სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია ექსპერტები, ინჟინრები, რომლებიც საუბრობენ მომხდარი ფაქტის მიზეზების შესახებ.

საქმის მოცულობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ექსპერტიზის დასკვნა არ არის, თუმცა, ის, რომ ბრალდებულებმა, თვითნებურად, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე განახორციელეს როგორც არამზიდი, ასევე, მზიდი კედლების მოშლა, ეს დასტურდება როგორც ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით, ასევე მეზობელთა ჩვენებებით, რომლებიც ადასტურებენ რომ საცხოვრებელ კორპუსში სრულად იყო მოშლილი კედლები.

ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 2021 წლის 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით“, - განაცხადა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

🔴 „დიდია მწუხარება, რომელიც ახლახან ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა, ღმერთს შევთხოვ, მოგვცეს გამძლეობა“ - ილია II

🔴 გლოვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა