მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ოთხდღიანი კონფერენცია დასრულდა

თბილისში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ოთხდღიანი კონფერენცია დასრულდა

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია და გენერალური შეხვედრა თემაზე - „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ წარმატებით დასრულდა. კონფერენციას, რომელიც თბილისში 25- 29 სექტემბერს მიმდინარეობდა, საქართველოს პროკურატურამ უმასპინძლა.

დღევანდელ კონფერენციაზე სისხლის სამართლის სფეროში არსებულ აქტუალურ თემებზე სასაუბროდ მოხსენებით წარდგნენ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ჭინკორაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი გივი ბაღდავაძე და საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ალექსანდრე მუყასაშვილი.

კონფერენციის დასასრულს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებს საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის.

მისი თქმით, კონფერენციის თბილისში ჩატარება საქართველოს პროკურატურისთვის დიდი გამოწვევა იყო, რომელსაც უწყების გუნდმა თავი წარმატებით გაართვა. „იმედი მაქვს, კიდევ დაბრუნდებით და ჩვენ დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ“ - მიმართა ასოციაციის წევრებს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჰან მორაალმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული კონფერენცია იყო არაჩვეულებრივად ორგანიზებული, რაც მისი თქმით, უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას.

ასევე, კონფერენციაზე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის დროშის გადაცემის ცერემონია გაიმართა, სადაც ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ჩოელ კიუ ვანგმა IAP-ის დროშა ასოციაციის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ბუენოს-აირესის გენერალურ პროკურორს ხუან ბაუტისტა მაჰიქესს გადასცა.

როგორც ბუენოს-აირესის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, საქართველოში ჩატარებული კონფერენცია იყო ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციამ 27 წლის მანძილზე ჩაატარა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურორს და საქართველოს პროკურატურის გუნდს კონფერენციის შესანიშნავად ორგანიზებისთვის და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ოთხდღიან კონფერენციაზე, სესიები და ვორქშოფები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართა, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა,  კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, ომის დანაშაულები, კიბერდანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია, უცხო სახელმწიფოში არსებული ელექტრონული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ფულის გათეთრება ვირტუალური აქტივების გამოყენებით და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან.

ამასთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს პროკურატურასა და ევროპის პროკურორის ოფისს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და ევროპის (EPPO) მთავარმა პროკურორმა ლაურა კოვეშმა მოაწერეს.

კონფერენციას 65 ქვეყნის 400 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით, ევროჯასტის (EUROJUST) პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი, ევროპის (EPPO) მთავარი პროკურორი ლაურა კოვეში, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მოადგილე ნაზატ შამიმ ხანი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კონფერენციის მასპინძელი ლონდონში, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პროკურატურა იქნება.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს აერთიანებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის მიზნებია - მსოფლიო  პროკურორებისთვის ერთიანი პროფესიული ქცევისა და ეთიკის სტანდარტების დადგენა და ამაღლება, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის  გაღრმავება და გაუმჯობესება.

საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან (IAP) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.