მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ

ძალადობა ქალზე Pia.ge

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, 5 ტრანსგენდერ ქალს საცხოვრებელ სახლში ჯგუფურად თავს დაესხნენ. ძალადობა 29 მაისს გამთენიისას მოხდა. თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბინის მეპატრონესაც.

არსებული ინფორმაციით, ნაცემია  5 ქალი. დაზარალებულები აცხადებენ, რომ  ძალადობა მათ მიმართ შესაძლოა, ისევ განმეორდეს. 

„ღამის 2 საათი იყო, ვბრუნდები სახლში და მხვდება ჩემთვის უცნობი კაცი საძინებლის გარეთ და მთავაზობს სექსუალურ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, მას უარი განვუცხადე და გავაგდე ბინიდან. ამ კაცს მოჰყვნენ თავისი მეგობრები, 30-მდე მაინც იყვნენ. იყო მუქარები, არ გაცოცხლებთ, ქვების სროლა, ბლოკების სროლაც. ვერ ვგრძნობ თავს დაცულად“, - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული. 

„ორი ჩემი მეგობარი გარეთ იყო გასული. ერთს დაეჯახნენ და დააგდეს დაბლა. წამოდგა და რომ შემობრუნდა სახლში, მერე გაბრუნდა უკან და მეორე მეგობარმა დაუძახა, რომ ფრთხილად იყავიო, ჩუმად ეპარებოდნენ და აგური უნდა ჩაერტყათ თავში. ასცდა ეს აგური, თორემ ადგილზე მოკლავდნენ“, - ამბობს მეორე  დაზარალებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.