სამართალი

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანეს

საკარანტინო რეჟიმი
1584520333
დაკოპირებულია

17 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, კორონავირუსის თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ინფორმაციას შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 99 ადამიანია გადაყვანილი.

"საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ Covid 19-თან დაკავშირებულ რეგულაციებს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ე.წ. ახალი ჩინური ვირუსი მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.