სამხედრო

საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობებს სამხედრო ატაშეები და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ

თავდაცვის სამინისტრო
1626355492
დაკოპირებულია

თავდაცვის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოს, როგორც „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა“ და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი ლოგისტიკის შესაძლებლობები გააცნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მზადყოფნა, უზრუნველყოს მოკავშირეების ჯარებისა და აღჭურვილობის საქართველოს ტერიტორიაზე მიღება, განთავსება ან ტრანზიტი საერთაშორისო სწავლებებისა და მისიების ფარგლებში, რაც მათი განცხადებით ემსახურება პრინციპს - „მეტი ნატო საქართველოში“.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა სტუმრებს საქართველოს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ მეშვეობით, ავღანეთიდან გერმანული ქვედანაყოფების გამოყვანის პროცედურების ეფექტიანად და სწრაფად შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გერმანელი დიპლომატის თქმით, ავღანეთიდან ჯარების გადმოსროლის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ძალების ტრანსპორტირებისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებდა.

ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიიდან ალიანსის შენაერთების შეუფერხებლად გამოსვლის მხარდაჭერის მიზნით, მოკავშირეთა ძალებისა და შეიარაღების საქართველოს გავლით ტრანზიტი საქართველომ უმოკლეს ვადებში უზრუნველყო.

ამავე ცნობით, სატრანზიტო მხარდაჭერის პროცესში, ქართული მხარე გერმანიის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის, მათ ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების, ნატოს პერსონალისა და კონტრაქტორი პირების განთავსებასა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო და სხვა სახის მხარდაჭერასაც უმაღლეს დონეზე ახორციელებდა.

საქართველოს ლოგისტიკის შესაძლებლობების განვითარება ნატოსა და სტრატეგიული პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.