საზოგადოება

აკაკი ზოიძე: COVID-19-ზე ტესტირება პანაცეა არ არის

აკაკი ზოიძე პარლამენტში
1584707741
დაკოპირებულია

"ჩავთვალოთ, რომ ვართ რისკის ქვეშ და ყველა უნდა ვიყოთ იზოლაციაში", -ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა აკაკი ზოიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ზოიძემ კორონავირუსთან დაკავშრებულ ტესტირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსზე ტესტირება ერთ-ერთი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაავადების შეკავება მოხდეს.

"შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტესტირებაზე, ვისაუბრეთ როგორ უნდა მოხდეს და რა ჯგუფს უნდა ჩაუტარდეს ტესტირება. ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ტესტირება არ არის პანაცეა. ამ ბოლო დროს წარმოდგენა გაჩნდა ამასთან დაკავშირებით, რომ ტესტირება ბოლოს მოუღებს ეპიდაფეთქებას ამ ქვეყანაში. ტესტირება არის ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტი, რომლითაც მოხერხდება დაავადების შეკავება. მთავარი რეკომენდაცია კვლავ რჩება იზოლირება, ფიზიკური დისტანცირება და სოციალური სოლიდარობა. ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა. ჩავთვალოთ, რომ ყველა ვართ რისკის ქვეშ, ყველა უნდა ვიყოთ იზოლაციაში და ყველა უნდა ვიყოთ კარანტინში. ეს არის ტესტირების ერთ-ერთი ძირითადი არსი. მთავარი - დავრჩეთ სახლში", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ ვირუსზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება მოახდინონ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10059-ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, 20 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ერთი გამოჯანმრთელდა.