მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ წუთისთვის არსებული შემთხვევების ანალიზით, ახალი ტიპის ჰეპატიტი დრამატულად სწრაფად ვითარდება“ - ნანა გეგეჭკორი ბავშვებში გავრცელებულ იდუმალ ჰეპატიტთან დაკავშირებით მშობლებს აფრთხილებს

ექიმი ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ბავშვებში გამოვლენილი, ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის იდუმალი მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ წერს, რომლებიც აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. მას მაგალითად მოყვანილი ჰყავს ამერიკელი ბავშვი, რომელსაც აღნიშნული დაავადება დაემართა და ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

„ისევ ბავშვებში გავრცელებულ, ჯერჯერობით ამოუხსნელ ჰეპატიტზე...

ვისაც გამოგონილ რეალობაში ცხოვრება გსურთ, ნუ წაიკითხავთ. ისე იცხოვრეთ, თითქოს თქვენს გარდა ამ სამყაროში არავინაა. არც ომია ირგვლივ და არც პანდემია.

პოსტი იმათთვისაა, ვინც თვლის, რომ ნებისმიერ პრობლემასთან ბრძოლაში საუკეთესო იარაღი ცოდნაა.
ჰეპატიტის ეს ფორმა, კლინიკურად ძალიან ჰგავს უკვე ცნობილ, ღვიძლის ვირუსულ ანთებებს. ამ წუთისთვის არსებული შემთხვევების ანალიზით, ახალი ტიპის ჰეპატიტი დრამატულად სწრაფად ვითარდება. ყველაფერი შეიძლება უბრალო გაციების ტიპის სიმპტომებით დაიწყოს. მაგალითად, ამ სიუჟეტის გმირისთვის პირველი დღე მძიმე ალერგიულ რეაქციას ჰგავდა. ჰოსპიტალშიც კი აღმოჩნდა სპეციფიკური გამონაყარის გამო. მარტივი პრეპარატების მიღების შემდეგ მალევე გაწერეს სახლში. დილით უკვე გაყვითლებული თვალის სკლერებით გაიღვიძა. რასაც მალევე მოჰყვა უმადობა, ძლიერი სისუსტე და გონების დაბინდვა. სულ რამდენიმე დღეში ბავშვის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ამერიკულ კლინიკებში ლამის რუტინულად კეთდება და დონორის მოძიებაც უსწრაფესად მოხდა. პატარა უკვე გამოჯანმრთელების გზაზეა. რა ბედი ეწევათ იმ ქვეყნების პაციენტებს, სადაც მედიცინა ასეთი მაღალტექნოლოგიური არ არის და არც ხელმისაწვდომია ყველასთვის, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს...

სიუჟეტში, ექიმი ჰეპატოლოგი ამბობს, რომ მას კარიერის მანძილზე მსგავსი შემთხვევები არ ჰქონია, არც ასეთ მოკლე დროში ამდენი ინფიცირების შემთხვევა ახსენდება სხვა დაავადებებთან მიმართებით.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა იწვევს დაავადებას. ეჭვი ჩვეულებრივ ადენოვირუსზეა. იგივე ვირუსი, რომელიც სეზონურად გვახსენებს ხოლმე თავს „გაციების“ სიმპტომებით, ინგლისურად common cold-ს ვუწოდებთ.

დაავადების უკვე აღწერილი შემთხვევები ერთიდან თექვსმეტ წლამდე ბავშვებშია აღრიცხული.
კოვიდთან ან ვაქცინასთან ახალი ჰეპატიტის კავშირზე ჯერ არაფერია ცნობილი. პანდემიას დროში საეჭვოდ ემთხვევა, ამიტომ გაჩნდა კოვიდთან მისი ასოცირების ეჭვები. სიუჟეტის გმირს კოვიდი გადატანილი ჰქონდა.

როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები?

სანამ არ გვეცოდინება რა იწვევს, ვერ გვეცოდინება თავდაცვის საშუალებები.

აქტიურად ადევნეთ თვალი ოფიციალურ ინფორმაციას ახალი ჰეპატიტის თაობაზე. ვინც ინგლისურთან მეგობრობთ, ყველაზე სანდო წყაროებია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამერიკის ინფექციონისტთა ასოციაციის ოფიციალური გვერდი. ასევე, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის ოფიციალური გვერდები. იგივე ტიპის ორგანიზაციებს უნდა დაეყრდნოთ ევროპაში. საქართველოში, სამწუხაროდ, არ ვიცი ვინ აქვეყნებს ამ ტიპის ინფორმაციას ოპერატიულად. აქ, ალბათ, ისევ კეთილსინდისიერი ექიმების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უნდა დაეყრდნოთ.

მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები და დისტანცია. თუ ამ დაავადების გავრცელებაში დამნაშავე ადენოვირუსი აღმოჩნდა, მისგან დაცვის საუკეთესო საშუალება დისტანცია, ჰიგიენა და პირბადეა. ბავშვები ხშირად თამაშობენ ერთმანეთის ნივთებით, ხელით ეხებიან ყველაფერს და ცდილობენ გემო გაუსინჯონ. ეცადეთ, მათი ეს ჩვევები გააკონტროლოთ.

მინიმალური სიყვითლე თუ შენიშნეთ პატარებს მაშინვე მიიქციეთ ექიმის ყურადღება. ზოგადად, არც კოვიდი დასრულებულა ჯერჯერობით, ამიტომ სჯობს ყურადღებით იყოთ, თუნდაც ზედმეტი ყურადღება მიიქციოთ აჯობებს, ვიდრე რამე გამოგეპაროთ.

კატეგორიულად მოერიდეთ მეზობლების, ექიმბაშების, მჩხიბავების, მომღერლების და ასე შემდეგ გაცემულ დანიშნულებებს და რეკომენდაციებს.

იქნებ გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის სიცოცხლეს.

სწორი ინფორმაცია, ნაკლები უსაგნო ნერვიულობა და პროფესიონალების მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით ზუსტად შესრულება დაიცავს თქვენს ჯანმრთელობას“, - წერს გეგეჭკორი.