
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მაქსიმალურად შეზღუდონ საერთაშორისო მოგზაურობები.
"ყველას ვთხოვთ, მაქსიმალურად შეზღუდონ საერთოდ საერთაშორისო მოგზაურობები, არამარტო ჩინეთში, ირანში, კორეაში ან იტალიაში, არამედ საერთოდ, იმიტომ, რომ ჩვენები ხშირად მოგზაურობენ დასავლეთ ევროპაში, სადაც სიტუაცია სამწუხაროდ უფრო იძაბება - გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ.
მეორე რეკომენდაცია ისევ ძალაშია - აუცილებელია, განსაკუთრებით იმ ოთხი დასენიანებული ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები მოთავსდნენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში, თუ მათ შესაბამისი პირობები აქვთ.
თუ მათ აქვთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია საზღვარზე შესაბამისი სკრინინგის დროს ეს გაამჟღავნონ, შესაბამისად ისინი იქნებიან გადაყვანილი ინფექციურ საავადმყოფოში, დიაგნოსტიკისა და კვლევებისთვის.
ასევე მთავარი რეკომენდაციაა პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.