მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის ინიციატორები, დეპუტატები, ანა ბუჩუკური, გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე  არიან.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას უფასო იურიდიული დახმარების უფლებით მოსარგებლე არასრულწლოვანთა წრესთან მიმართებით, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს და მოწმეს შეუძლია, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.

ცვლილებების მიხედვით, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დაწყებამდე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს, მოწმეს და მის კანონიერ, საპროცესო წარმომადგენელს უნდა განემარტოთ უფასო იურიდიული დახმარების უფლების შესახებ, რომლით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამომძიებელი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ამ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი.

ამასთან, აღნიშნული უფლებით სარგებლობაზე უარი არ გამორიცხავს არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის, მოწმის უფლებას, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსია გაგრძელდება. დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა დაინტერესებული პირების ჩართულობით.

„მნიშვნელოვანი თემაა, როცა საუბარი ეხება  არასრულწლოვანთა, ბავშვთა  ინტერესებს, მით უმეტეს ისეთ სივრცეებში, რომელიც მათთვის უცხოა და შესაბამისად, სჭირდება გულისხმიერი დამოკიდებულება.  ბუნებრივია, ეს ჩვენი ინტერესის საგანი უნდა იყოს. ამ იდეას ვიზიარებ. მთავრობის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტია, თუმცა საკმაოდ დიდი ხანია გასული მას შემდეგ და გარკვეული პოზიციები, შეიძლება, მოითხოვდეს გადახედვას. მუშაობის გაგრძელება დაგვჭირდება ამ მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.