
"უცვლელია სწავლება, რომ წმინდა ზიარება არის საკურნებელი და არა დასაავადებელი, ამიტომ ზიარებით არ შეიძლება რომ ვირუსი გადაედოს ადამიანს",- განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.
მისი თქმით, საპატრიაქრო მზადაა ყველა სხვა საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები შეასრულოს.
"მსოფლიოს დღევანდელი სურათიდან გამომდინარე, რაც მართლაც შემზარავია, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს ეკლესია, რა რეკომენდაციასაც ჯანდაცვის სამინისტროდან მოგვცემენ. ეს იქნება დეზინფექცია, თავშეკავება, პრევენციის მიზნით ერთად არდგომა, ამობრი ხატებზე თუ ერთმანეთზე, მაგრამ არა ზიარების წესის შეცვლა. ადამიანი, რომ კვდება მაშინაც ვაზიარებთ, რადგან განკურნება სჭირდება, ამიტომ როგორ შეიძლება იმან, რითიც კურნავ, დაგაზიანოს",- აღნიშნა დეკანოზმა.
დეკანოზის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე ტაძარში უკვე ჩატარებულიყოს დეზინფექცია. ამავდროულად, იგი არ გამორიცხავს, რომ სიტუაციის უკიდურესად გამწვავების შემთხვევაში, მღვდელმსახურებაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ 29 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზიარების წესში ცვლილება არ შევა.