საზოგადოება

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება

სახლების მშენებლობა
1583754401
დაკოპირებულია

დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში,  დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. პროექტი გერმანიის მთავრობის მიერაა დაფინანსებული.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.  განაცხადების მიღება 16 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს.

"დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, 100 სახლი დასავლეთ საქართველოში, 22 კი შიდა ქართლის რეგიონში აშენდება. შერჩეულ ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.

მსგავსი ტიპის სახლების მშენებლობა მარნეულში,  31 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის უკვე მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, პროექტში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:

ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ.N106;

ქუთაისი - აბაშიძის გამზ. N27;

გორი - სამების ქ.N1;

რუსთავი - ცურტაველის ქ.N5ა.